
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გორში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, მოქალაქე სოსო მაისურაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს ზურა ჯაფარიძეს.
მეუფე გიორგი სოციალურ ქსელში მხარდაჭერას უცხადებს სოსო მასიურაძეს და წერს:
"მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე, ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, რომელიც მრავალი წელია პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას.
იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი.
მიუხედევად იმისა, რომ ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ეს “ნეოლიბერალური” ორგანიზაციები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში", წერს ეპისკოპოსი.
ცნობისთვის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია. ზურაბ ჯაფარიძეს 17 ივნისს, გორში, „სმარტთან“ თავს დაესხმა მამაკაცი, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში თავად აღიარა ეს ქმედება.
0
0