საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე განსახილველი საკითხი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება იყო.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღის წესრიგი აგებულია საარჩევნო ტექნოლოგიების ირგვლივ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ინფორმირებაზე.
„სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, ჩვენი მოწვევით, ქვეყანაში ჩამოვიდნენ აუდიტორული კომპანიის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც მათ გააცნობენ ასევე შესაბამისობის აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებს ტექნოლოგიებთან მიმართებით. ასევე, ქვეყანაში იმყოფებიან საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე დეტალურად მიაწვდიან პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს ინფორმაციას ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია და ქვეყანაში გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს სტანდარტს.
„2018 წლიდან დღევანდელ დღემდე რვა პილოტი მცირემასშტაბიანი თუ ფართომასშტაბიანი ჩატარდა, რამაც ეტაპობრივად მოგვცა შესაძლებლობა, გავითვალისწინოთ და დავაზღვიოთ ყველა რისკი და საფრთხე, რომელიც ამ პროცესში გამოიკვეთა, მათ შორის, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, და რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ცესკო-ს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, პროცედურები, ბიზნესსაქმიანობები იყოს მაქსიმალურად დაახლოებული საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
0
0