06/09/2023
16:22
მსოფლიო
ბულგარეთში, თურქეთსა და საბერძნეთში, კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი დენკოვის განცხადებით, შავ ზღვაში შტორმის შედეგად, რომელმაც სამხრეთის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია, დაიღუპა 2 ადამიანი (დედა-შვილი).
ხელისუფლება, ბანაკ „არაპიას“ ტერიტორიაზე [ცარევოს მახლობლად], ტურისტების ევაკუაციის მიზნით ზომებს იღებს. ქალაქის სამხრეთით ხიდი ჩამოინგრა და გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი, რომელიც იმ დროს მასზე იმყოფებოდა, დაკარგულად ითვლება. გარემოს დაცვის მინისტრმა ჯულიან პოპოვმა განაცხადა, რომ, კლიმატის ცვლილების გამო, ბულგარეთში უფრო ხშირი ნალექია მოსალოდნელი.
წყალდიდობაა ასევე თურქეთის უდიდეს ქალაქში, სტამბოლში. დატბორილია ქუჩები და მეტროსადგური კაიაშეჰირი. სტიქიის შედეგად, ქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა.
საბერძნეთში კი წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. კოკისპირულ წვიმამდე ქვეყანას ქარიშხალი „დანიელი“ დაატყდა თავს. ყველაზე მეტად დაზარალდა მაგნეზიას ცენტრალური სანაპირო რეგიონი, სადაც მეტეოროლოგების თქმით, 24 საათში იმდენი ნალექი მოვიდა, რამდენიც, ჩვეულებრივ, მთელი შემოდგომის განმავლობაში ფიქსირდება.
0
0