26/06/2023
13:05
მსოფლიო
2024 წლის 1 იანვრიდან ბრიუსელის საავადმყოფოები ვალდებულნი იქნებიან, ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის ყველა თხოვნა დააკმაყოფილონ. არ აქვს მნიშვნელობა, აბორტი თერაპიული ხასიათის იქნება თუ ნებაყოფლობითი: მომავალში საავადმყოფოს აბორტის გაკეთებაზე უარს უფლება აღარ ექნება, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, იმის მტკიცებაც კი, რომ ფეხმძიმობის შეწყვეტაზე უარს ექიმები პირადი რწმენის გამო აცხადებენ. ეს სიახლე მაისში, სათემო კომისიის გაერთიანებული საბჭოს (Cocom) მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან მომდინარეობს და, შესაბამისად, მხოლოდ იმ საავადმყოფოებზე გავრცელდება, რომლებიც ამ დაწესებულებას ექვემდებარებიან. შესაბამისად, გადაწყვეტილება არ ეხება ისეთ საუნივერსიტეტო საავადმყოფოებს, როგორიცაა Saint-Luc, Erasme და UZ.
რა თქმა უნდა, ცალკეულ ექიმებს ყოველთვის შეეძლებათ, ფილოსოფიური ან რელიგიური მოსაზრებების გამო, უარი თქვან აბორტის გაკეთებაზე. თუმცა, საავადმყოფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პაციენტმა მაინც მიიღოს მომსახურება უშუალოდ ამ დაწესებულების შესაბამის განყოფილებაში ან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, - იმავე ქსელის სხვა საავადმყოფოში გადამისამართებით. „ხშირად გვესმის პაციენტებისგან, რომ საავადმყოფოს ან გინეკოლოგს მიმართეს და აბორტის გაკეთებაზე უარი მიიღეს, - ამბობს ექიმი ალესანდრა მუნენსი, რომელიც აბორტებს ბრიუსელის ოჯახის დაგეგმვის ცენტრში აკეთებს, - გინეკოლოგები მათ ოჯახის დაგეგმვის ცენტრებში ან სხვა საავადმყოფოებში აგზავნიან. ჩვენ იასევე ვიცით, რომ კათოლიკური ქსელის საავადმყოფოებში აბორტი არ კეთდება“. იგივეს ამბობენ ლაისტის სამოქმედო ცენტრშიც (CAL): „ბელგიაში აბორტის ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ რთულია [...] ამიტომ, ქალები ხანდახან მისგან თავს იკავებენ. ზოგიერთი ინსტიტუტი არასწორ ინფორმაციას გასცემს, არ აგზავნის ქალს პრაქტიკოს-ექიმთან და მერე ამბობს, რომ არ სურს, დამნაშავედ იგრძნოს თავი, - აცხადებს ჯასტინ ბოლსენსი, CAL -ის იურიდიული ექსპერტი და პროექტის მენეჯერი, - ამას კი შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს ქალებისთვის, რომლებსაც შეიძლება აბორტის გაკეთების ვადა გადაუცდეთ“.”
რამდენი აბორტი კეთდება კათოლიკურ საავადმყოფოებში
გასულ წელს, ბრიუსელში ჩატარებული 2 850 აბორტიდან 583 საავადმყოფოებში გაკეთდა, რაც ბელგიაში მთლიანად გაკეთებული აბორტების საერთო რაოდენობის მეხუთედზე ცოტა მეტია და ასევე ცოტათი აღემატება ქვეყნის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს. ოთხმა საავადმყოფომ, რომლებიც ჯერ კიდევ დაკავშირებულია კათოლიკურ ფესვებთან, გასულ წელს 150-ზე ნაკლები ოპერაცია ჩაატარა: დაახლოებით შვიდი აბორტი გაკეთდა სენტ ელისაბედისა და სენტ-მიშელის საავადმყოფოებში - ორ საავადმყოფოში, რომლებიც „ევროპის კლინიკების“ შემადგენლობაში შედიან. აბორტების მეორე ნახევარი ჩატარდა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ სენ-ლუკში, სადაც ოპერაციების რაოდენობა ბოლო წლებში აქ ახალგაზრდა გინეკოლოგების მოსვლის შემდეგ გაიზარდა. სენ-ჟანის საავადმყოფოში აბორტი არ გაკეთებულა.
არანაირი აბორტი სენ-ჟანში
ბოტანიკური ბაღის ბულვარში მდებარე კლინიკა თავის პაციენტებს ოჯახის დაგეგმვის ცენტრებში რეგულარულად აგზავნის. დღეს ის, ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტაზე თანხმობას მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამო, - ნაყოფის დეფექტისა და ქრომოსომული ანომალიების შემთხვევებში იძლევა. „გაგვიმართლა, რომ ბრიუსელში ვართ და ჩვენს ირგვლივ საკმაოდ ბევრი ოჯახის დაგეგმვის ცენტრია, ასე რომ, როდესაც გვყავს არასასურველი ორსულობის მქონე პაციენტები, შეგვიძლია ისინი ასეთ ცენტრებში ადვილად გადავიმასამართოთ“, - ამბობს მეანეობისა და გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი ჟან-პოლ ვან გოსუმი. არსებობს ამის ფილოსოფიური, ეთიკური ან რელიგიური მიზეზები?, - ჩვენ გვაქვს დიდი განყოფილება, მომსახურების ფართო სპექტრით. აქ არიან ექიმები, რომლებსაც არ სურთ, თავად ჩაატარონ აბორტები. სენ-ჟანში ეს არასდროს მომხდარა, რადგან, ისტორიულად, ის ყოველთვის კათოლიკური იყო. რადგან დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ოჯახის დაგეგმვის ცენტრებთან ვიმუშავოთ, ამაზე აღარც ვფიქრობთ“.
სიმბოლური ღონისძიება
Cocom-ის ახალი განკარგულებას, რომელიც იანვარში შევა ძალაში, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ სიმბოლიზმში მდგომარეობს ერთ-ერთი მიზანიც, რომლისკენაც ესწრაფიან ამ საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრები, ალენ მარონი და ელკე ვან დენ ბრანდტი: „ძლიერ სიგნალს ვაგზავნით [...]ამ საკითხებში ხელისუფლებამაც უნდა ითამაშოს თავისი როლი“. ეს სიმბოლურობა CAL-ისთვისაც მნიშვნელოვანია: „ეს არის ერთგვარი შეხსენება, - ამბობს ჯასტინ ბოლსენსი, - რადგან აბორტის შესახებ კანონი აქამდეც ავალდებულებდა ექიმებს, სამედიცინო ჩანაწერებისა და იმ ექიმის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც აბორტს გააკეთებდა. ეს ვალდებულება ექიმების ეთიკურ კოდექსშიც იყო გაწერილი. მაგრამ ის ფაქტი, რომ რეგიონი წარმოაჩენს თავის პოზიციას, მნიშვნელოვანია, სიმბოლურია და ამან შეიძლება აბორტებზე ქალების ხელმისაწვდომობა გააუმჯობესოს“.
პრაქტიკული თვალსაზრისით?
ზუსტად ეს არის ამ საკითხის მეორე ასპექტი: ექნება თუ არა განკარგულებას რაიმე პრაქტიკული გავლენა საავადმყოფოებზე? სენ-ჟანში ჟან-პოლ ვან გოსუმის გუნდმა უკვე დაუსვა საკუთარ თავს ეს შეკითხვა: „ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ფიქრი განყოფილებაში. ვფიქრობ, რომ შევიმუშავებთ საკუთარ პოზიციას და პაციენტებს სხვა საავადმყოფოებს აღარ გადავცემთ. თავად უნდა შევძლოთ პაციენტებზე ზრუნვა ანიდან ჰოემდე, როგორც კარგ, ისე ცუდ დროში. ვაპირებთ, უფრო ორგანიზებულები გავხდეთ. ზოგიერთ განყოფილებაში შეიძლება არ ისურვონ ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენ, ამის გასაკეთებლად, აუცილებლად შევაგროვებთ უმრავლესობას“. სენ-მიშელის კლინიკის ექიმი, ფაბიან დესმედტი მიიჩნევს, რომ სიტუაცია დიდად არ შეიცვლება, რადგან მის საავადმყოფოში აბორტები, უკვე სამი წელია, ისედაც კეთდება. მიუხედავად ამისა, ის ამ რეგულაციას მართებულად თვლის: „პაციენტისთვის აბორტის გაკეთების უფლების მიცემა ნიშნავს, რომ მასზე მთლიანად ზრუნვა ყველა სივრცეში შეიძლებოდეს. ის არ უნდა წავიდეს ისეთ ადგილებში, სადაც გინეკოლოგიურ გამოკვლევებს არ ჩაუტარებენ“. ახალი განკარგულება სენ-ლუკის კლინიკებს უშუალოდ არ შეეხება, რადგან ისინი საუნივერსიტეტო საავადმყოფოებია. გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი, პროფესორი ლუკ როჯერსი ამ საკითხზე ამბობს: „ქალებს ისედაც უჭირთ ასეთი საკითხებზე თხოვნით მომართვა. როცა მათ უარს ეუბნებიან, ზოგიერთი ქალი მეორედ ამას აღარ გააკეთებს. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი. ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“. თუმცა, პროფესორს აინტერესებს, ახალი რეგულაცია, უბრალოდ, რეალობის კონსტანტაციას ხომ არ წარმოადგენს: „თუ საავადმყოფოები უარს ამბობენ მკურნალობაზე, ეს უკვე იურიდიულ და ეთიკურ კითხვებს ბადებს“.
ოჯახის დაგეგმვის ცენტრების კვალიფიციური დასკვნა
თუ გავითვალისწინებთ, რომ ხუთიდან ოთხ აბორტს ოჯახის დაგეგმვის ცენტრები აკეთებენ, საინტერესო უნდა იყოს, რას ფიქრობენ ისინი ამ საკითხზე. „ვფიქრობთ, რომ ეს საინტერესო დისკუსიაა, რადგან ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ მთელი დაწესებულება, სინდისზე დაყრდნობით, აბორტის გაკეთებაზე უარის ამბობს, - აცხადებს ალესანდრა მუნენსმა, რომელიც ასევე არის საოჯახო ცენტრის, Gacehpa, Groupe d'Action des Cents Extra-Hospitaliers Pratiquant L'Avortement-ის დირექტორი, - თუმცა, საავადმყოფოების იძულებას, რომ გააკეთონ აბორტები, თან ახლავს რისკები. ვშიშობთ, რომ ასეთ საავადმყოფოებში პაციენტები ვერ მიიღებენ სათანადო სამედიცინო დახმარებას, თუნდაც ტკივილის შემსუბუქების და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული, აქ შეიქმნას არა მზრუნველი, არამედ პაციენტის განსჯის გარემო“.
0
0