
დიპლომატია მთავარი იარაღი იყო ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად, სწორედ ამიტომ დიპლომატიისა და მისი როლის ღრმად გვწამს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დიპლომატიაა მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა.
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვარსებობდით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, იმპერიების გზაჯვარედინზე. ჩვენ გარშემო არსებული მრავალი იმპერია გაქრა, თუმცა საქართველო გადარჩა. დიპლომატია მთავარი იარაღი იყო ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად. სწორედ ამიტომ დიპლომატიისა და მისი როლის ღრმად გვწამს. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ბევრი შეცდომა დავუშვით. იქნებ, იმიტომ, რომ საქართველო საკმარისად დიპლომატიური და პრაგმატული არ იყო, შესაძლოა, სწორედ ეს იყო ამ შეცდომების მიზეზი. ჩვენ ბევრი გაკვეთილი ვისწავლეთ. ისევ ვისწავლეთ, რა არის დიპლომატიურობა და პრაგმატიზმი. სწორედ ეს არის მიზეზი, რის წყალობითაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა გვაქვს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ჩვენ დიპლომატიის როლს ასე ძლიერად ვენდობით. ვფიქრობ, ეს ყველა ქვეყნის მიდგომა უნდა იყოს. ყველა ქვეყანა საკუთარი პრობლემებისა და სხვადასხვა საკითხის დიპლომატიურ გადაჭრაზე უნდა იყოს ორიენტირებული, თუმცა, ამჟამად, სამწუხაროდ, უხეში პოლიტიკური ინტერესები დიპლომატიას ჭარბობს. ეს არის ის ზოგადი სიტუაცია, რასაც ჩვენ მსოფლიოში ვხედავთ, ეს უნდა შეიცვალოს, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ახლა მეტად არიან კონცენტრირებული დიპლომატიურ გადაწყვეტილებებზე, კავშირების განმტკიცებაზე და ყველა ქვეყანამ ეს გზა უნდა გაიაროს.
„მინდა, ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის როლს, რომელიც პირდაპირ კავშირშია დიპლომატიის არსსა და შინაარსთან. ჩვენ თუ ვერ შევძლებთ მსოფლიოში წესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის აღდგენას, დიპლომატია ვერასოდეს გაიმარჯვებს უხეშ პოლიტიკურ ინტერესებზე. ამაზე ძალიან ბევრი ყურადღება უნდა გავამახვილოთ. კიდევ ერთ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი, ეს არის კავშირების როლი და ჯანსაღი ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობა. ჯანსაღი ეკონომიკური კავშირები და ინტერესები თუ გაიმარჯვებს პოლიტიკურ ინტერესებზე, ამ შემთხვევაშიც დიპლომატიის როლი მსოფლიოში გაცილებით ძლიერი გახდება. სამხრეთ კავკასია ამის ძალიან კარგი მაგალითია. ჩვენს რეგიონს ბევრი პრობლემა და სპეციფიკური კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ახლა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მეტად არიან კონცენტრირებული დიპლომატიურ გადაწყვეტილებებზე, პრაგმატულ მიდგომებზე და კავშირების განმტკიცებაზე. ეს ძალიან დიდი დახმარებაა, არა მხოლოდ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, არამედ ჩვენი ხალხების კეთილდღეობის განსამტკიცებლად. ეს ძალიან კარგი მაგალითია, ვფიქრობ, მსოფლიოს ყველა ქვეყანამ ეს გზა უნდა გაიაროს. ჩვენ ხიდები უნდა ავაშენოთ მისი დაწვის ნაცვლად, ეს უნდა იყოს ზოგადი მიდგომა. ამ შემთხვევაში კი დიპლომატიის როლი გაცილებით, გაცილებით ძლიერი გახდება“, – განაცხადა კობახიძემ.
1
0