
ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ამავდროულად, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე – „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მსოფლიოში ახლა ორი ომი მიმდინარეობს, გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება.
„მსოფლიოში – ჩვენს ირგვლივ – ახლა ორი ომი მიმდინარეობს. გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე – სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას ეს საერთო მიზანი გვაქვს. ამავდროულად, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი. ეს ფუნდამენტური გამოწვევებია. გარკვეული წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა კონკრეტული ძლიერი ასპექტები – ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, ამ სამივე მიმართულებით მას სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1
0