
კენიაში, ბოფას სანაპიროდან ბაობაბების საქართველოში ექსპორტზე ბიძინა ივანიშვილმა ნებართვა მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდამცველები ბაობაბების გადმორგვასა და ექსპორტს „ბიომეკობრეობასაც“ კი უწოდებენ, კენიის სატყეო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ეს პროცესი “ბუნებისთვის საფრთხის შემცველი არ არის” და ექსპორტის უფლება გასცა.
mongabay.com ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში ექსპორტისთვის, ბოფას სანაპიროს მახლობლად გამზადებულია სულ მცირე 6 ბაობაბის ხე, რომლებიც, სავარაუდოდ, სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, საქართველოში ივნისის ბოლომდე უნდა ჩამოვიდეს.
„კენიის პრეზიდენტმა რუტომ, რამდენიმე კვირის წინ, ამ საკითხზე გამოძიების დაწყება მოითხოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვის სამინისტრომ, კენიის სატყეო სამსახურმა (KFS) ხეების ექსპორტის ლიცენზია ხელახლა გასცა. ლიცენზიაში ნათქვამია, რომ ხეებს არც გადაშენების საფრთხე ემუქრება და დაცულია ყველა კანონიერი პროცედურა.
მიუხედავად იმისა, რომ კენიის მთავრობამ KFS-ის მეშვეობით დაუშვა ბაობაბის ხეების ექსპორტი და აღნიშნა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრება, ჟურნალში Trees, Forests and People გამოქვეყნებული კვლევა ხაზს უსვამს, რომ აფრიკულ ბაობაბის ხეებს მნიშვნელოვანი კლიმატური საფრთხე ემუქრება. ბაობაბის ორი სახეობა, Adansonia grandidieri და A. suarezensis შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, როგორც გადაშენების პირას მყოფი, ხოლო A. perrieri ჩამოთვლილია, როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავდება ექსპორტირებული A. digitata სახეობებისგან, ადგილობრივი გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მათი აზრით, ეს სახეობა შესაძლოა გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს“, წერს ადგილობრივი გამოცემა.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია არის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვას ითვალისწინებს. ეს არის სამართლებრივად სავალდებულო ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებულია 196 ქვეყნის მიერ, მათ შორისაა კენიაც და საქართველოც.
კილიფიში გარემოს დაცვის აქტივისტები მიიჩნევენ, რომ კენიიდან ბაობაბის ხეების ექსპორტი ამ შეთანხმების დარღვევაა.
აღსანიშნავია, რომ ბაობაბი უნიკალური მცენარეა, რომელიც ათასობით წელი ცოცხლობს. ამასთანავე, ის C-ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით, კალციუმით, კალიუმითა და ბოჭკოთი გაჯერებულ ნაყოფს წარმოქმნის, რომლის კურკა, დაფქული ფორმით, სხვადასხვა კერძისთვის გამოიყენება. ვარგისიანია მედიცინისთვის ბაობაბის ქერქიც, ხოლო კურკის ზეთი სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიაშია მნიშვნელოვანი.
ინფორმაციისთვის, კენიის პარლამენტმა საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, რის შესახებაც უკვე ვწერდით.
0
0