
კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა კილიფის ოლქში გასულ წელს ამოთხრილი რვა ბაობაბი დაათვალიერეს. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, პარლამენტარებმა ბაობაბების საქართველოში ექსპორტის საკითხის მოკვლევა დაიწყეს.
ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა კენიის სატყეო სამსახურთან (KFS), კენიის სატყეო-კვლევით ინსტიტუტთან (KEFRI) და გარემოს მართვის ეროვნულ ორგანოსთან (NEMA) საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს, რათა განესაზღვრათ აღნიშნული ინსტიტუტების როლი ამ საკითხის განხორციელებაში.
როგორც კენიის სატყეო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ჯეიმს მუამოდენიმ განაცხადა, ბაობაბის ხეები უკვე მზადაა საქართველოში ექსპორტისთვის.
„მას შემდეგ, რაც აღნიშნული საკითხით დავინტერესდით, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხეები საქართველოში გასაგზავნად, შეკვეთილის ბოტანიკური ბაღისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენი იდეა ის იყო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეგროვებული ბაობაბის ხეები ბოტანიკური ბაღის თვალსაჩინო მონაკვეთში დარგულიყო“, - აღნიშნა მუამოდენიმ.
კენიის სატყეო-კვლევით ინსტიტუტის მკვლევარის, ლინუს ვეკესას თქმით, კენიის სანაპირო ზოლზე გაზრდილი ბაობაბის ხე არ არის კლასიფიცირებული, როგორც გადაშენების პირას მყოფი მცენარის სახეობა.
კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ საქართველოში ბაობაბების ექსპორტი 2022 წლის ნოემბერში სპეციალური განკარგულებით აკრძალა. პარალელურად, შესაბამის უწყებებს საქმის მოკვლევა დაევალათ.
რვა ბაობაბის ექსპორტზე თანხმობა საბოლოოდ 2023 წელს, კენიის სატყეო სამსახურის ტყის დაცვითი დეპარტამენტის უფროსმა, იულიუს კამუმ გასცა.
კენიური მედიის ინფორმაციით, 8 ცალი ბაობაბის საერთო წონა 500,000 კილოგრამს შეადგენს.
ბაობაბი ბუნების დაცვის საერთაშორისო გაერთიანების გადაშენების პირას მყოფი მცენარეების სახეობების სიაში არაა შეყვანილი.
ამასთანავე, ბაობაბის სპეციალური დაცვის სტატუსს არ განსაზღვრავს არც კენიის კანონმდებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანია, რათა ბაობაბების სტატუსი კანონით იყოს გამყარებული.
0
0