
ბერლინში ახალგაზრდული მოძრაობის, Gen Z Takes Charge-ის ორგანიზებით გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
პოლიციის ინფორმაციით, ბერლინის შარლოტენბურგის რაიონში აქციაში დაახლოებით 1 200 ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას, განათლების სფეროში დაფინანსების შემცირებასა და მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდას, კლიმატის დაცვის მიმართულებით უფრო აქტიურ პოლიტიკას და ცხოვრების ხარჯების გაძვირების წინააღმდეგ ზომების მიღებას.
აქციაზე ისმოდა კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და მისი მთავრობის საწინააღმდეგო მოწოდებებიც.
სამართალდამცველთა განცხადებით, დემონსტრაციის დაწყებამდე მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენება მოჰყვა. პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ აქციის დროს ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენებასა და სამართალდამცველებზე თავდასხმის შემთხვევებს.
გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. პოლიციამ სისხლის სამართლის 28 საქმე აღძრა, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, თავდასხმის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე. დაშავდა სამი პოლიციელი. დემონსტრაციაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 700 სამართალდამცველი იყო მობილიზებული.
0
0