
“ბედავენ და ცილს გვწამებენ, რომ ვართ რუსულ ასოციაციაში!” - ავტორებისა და მომღერლების ნაწილი საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მასში აღნიშნულია, რომ “გერა” - ესაა ქართველი ხელოვანების ასოციაცია, როლებშიც გაწევრიანებულნი არიან დავით ევგენიძე, მაცაცო სებისკვერაძე, ნანი ბრეგვაძე, მარიკო კვალიაშვილი და მათ შორის უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი. “აი ამ ხალხს აბრალებენ პრორუსობას, შეგრცხვეთ!” - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო პერიოდში მასმედიაში, ვრცელდება არაერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება იმ ქართველი ხელოვანების მიმართ, ვისაც სურს დაიცვას თავისი საავტორო უფლებები. უფრო მეტიც! ხელოვანებს აბრალებენ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობას! ეს ცილისწამება კი ქართველი ხელოვანებისთვის კატეგორიულად მიუღებელია!
მოგეხსენებათ, რომ ბევრმა ჩვენგანმა ნებაყოფლობით დატოვა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია და თავისი კუთვნილი საავტორო ჰონორარის მისაღებად გაწევრიანდა საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია გერაში. გვინდა დავაფიქსიროთ, რომ გაწევრიანება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოვიკვლიეთ გერას კავშირები და საქმიანობა!
რამოდენიმე ხანში აღმოვაჩინეთ, რომ საავტორო ჰონორარმა მკვეთრად მოიმატა.
ამას თან დაერთო ბატონი კობალაძის უწყების მუშაობის შესახებ აუდიტის დასკვნა, რომელმაც ფაქტიურად შოკირებულები დაგვტოვა!
რასაკვირველია, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამ ორ კომპანიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და გვიკვირს, რატომ გადაწყვიტა ოპოზიციის ნაწილმა დაიცვას ჩვენი, ავტორების კუთვნილი ჰონორარების მითვისების სქემა?! აპროტესტებენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან კანონს, რომელმაც ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენოს და ჩვენ, ავტორებს მოგვცეს არჩევანის თავისუფლება!
ყველაზე დრამატული არის ის ფაქტი რომ ამ კანონს არქმევენ რუსულს.კანონს, რომელიც USAID-სა და CLDP-თან ერთად მუშავდებოდა და ორი წლის განმავლობაში ყველა მათი შენიშვნისა თუ რეკომენდაციის გათვალისწინებით სწორდებოდა. ეს ბრალდება პირველ რიგში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფა და მორიგი სიცრუის აგორების მცდელობაა!
მოვუწოდებთ ყველას, ქართველი ხელოვანების საკეთილდღეოდ, დროებით მაინც დადექით პარტიულ ინტერესებზე მაღლა და დაანებეთ თავი საჭირო კანონპროექტის წინააღმდეგ გალაშქრებას! მითუმეტეს, რომ არსებობს აუდიტის დასკვნა, სადაც ნათლად ჩანს ავტორების თანხების მითვისების საქმე.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან გვაშფოთებს GERA-ს წევრების დისკრედიტაცია და ჩვენი, ხელოვანების ორნაწილად გახლეჩვის მცდელობა. მავანი ცდილობს ჩვენთვის პრორუსობის დაბრალებას, მაშინ, როდესაც უბრალოდ ჩვენს კუთვნილ ჰონორარს ვითხოვთ, როგორც საქართველოდან, ასევე ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ჩვენი მუსიკა ჟღერს!
ბედავენ და ცილს გვწამებენ, რომ ვართ რუსულ ასოციაციაში! არა მეგობრებო, ესაა ქართველი ხელოვანების ასოციაცია, როლებშიც გაწევრიანებული არიან დავით ევგენიძე, მაცაცო სებისკვერაძე, ნანი ბრეგვაძე, მარიკო კვალიაშვილი და მათ შორის უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი. აი ამ ხალხს აბრალებენ პრორუსობას, შეგრცხვეთ!
ამასთანავე გთხოვთ შეახსენოთ ბატონ კობალაძეს, რომელიც დადის ეთერ-ეთერ და ჩვენს შეურაცხყოფას ცდილობს, რომ მას, 2008 წლის, აგვისტოს ომის შემდეგ, წლების განმავლობაში ჩამოჰქონდა ჩვენი ფული რუსეთიდან, რომელსაც, აუდიტის დასკვნის შემდეგ, ეჭვი გვაქვს რომ სათავისოდ იყენებდა. ორჯერ უფრო მეტ თანხას კი უკან, რუსეთში, სწორედ იმ ავადსახსენებელ RAO-ს ურიცხავდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. ახალი რეგულაციის მიხედვით, კანონი საქართველოს საავტორო ბაზარზე ახალი კომპანიის, "გერას" ფუნქციონირებას დაუშვებს, რომელსაც საქართველოს საავტორო საზოგადოების ნაწილი “რუსეთთან მჭიდრო კავშირებში” ადანაშაულებს.
თუ კანონს მიიღებენ "გერას" უფლება ექნება შეკრიბოს ჰონორარები და გადასცეს ის ავტორებს.
საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ დაგეგმილ ცვლილებებს "რუსული კანონი 2" უწოდა და თქვა, რომ ის რუსული "რაოს" შვილობილია.
0
0