
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ADB-ს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის ქვეყნისადმი ძლიერ მხარდაჭერას. 2007 წელს ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ADB-მ საქართველოს თითქმის 6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება გამოუყო, მათ შორის 1 მილიარდ დოლარზე მეტი კერძო სექტორში ინვესტირების გზით.
„ADB მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ ძლიერი პარტნიორობა გვაკავშირებს და მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა. კრიტიკული ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, კერძო სექტორის ინოვაციური დაფინანსებით დამთავრებული, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ის გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბი“, – განაცხადა პრეზიდენტმა კანდამ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სატრანსპორტო კავშირებისა და საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნისა და რეგიონისთვის. შეხვედრის დროს განსაკუთრებით აღინიშნა სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე ახლად დასრულებული რიკოთის მონაკვეთი. ADB-ს მხარდაჭერა ასევე მოიცავს ინტეგრირებული და მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, რაც ტურიზმის პოტენციალის ზრდასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს.
პრეზიდენტი კანდა ასევე შეხვდა ფინანსთა მინისტრს და ADB-ს მმართველთა საბჭოს წევრს, ლაშა ხუციშვილს. შეხვედრაზე განიხილეს ბანკის მზარდი ოპერაციები, მათ შორის კერძო სექტორის ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივები. საქართველოს დინამიკური კერძო სექტორი ADB-ს წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბაზარია და პორტფელის მოცულობით ADB-ს მასშტაბით მერვე ადგილს იკავებს. პრეზიდენტი კანდა პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად გახსნის ADB-ს ახალ, გაზრდილ ოფისს თბილისში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ADB-ს მზარდი ოპერაციების განხორციელებას.
ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
0
0