06/09/2024
23:40
ეკონომიკა
„თბილისში დღე-ღამეში საშუალოდ 350 ტონა პური ცხვება", - ამის შესახებ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
როგორც დოლიძე განმარტავს, დედაქალაქში დღე-ღამეში წარმოებული პროდუქციიდან 120 ტონა თონის პურია, დანარჩენი კი - ქარხნული.
„თბილისში დღე-ღამეში საშუალოდ ცხვება 350 ტონა პური. არის პიკის დღეები, როცა 400 ტონამდე ადის. საშუალო ფიზიოლოგიური ნორმა საქართველოში პურის ხარჯვის არის 300 გრამი ერთ ადამიანზე, აქ ითვლება ყველა ასაკის ადამიანი.
თბილისში არის შესანიშნავი წარმოებები და არის კუსტარულიც - ქართული პურის თონეებს რომ ვეძახით ასეთი. ქართული პურის თონეების მიერ დაახლოებით 120 ტონა პური ცხვება, დანარჩენი არის ე.წ. ქარხნული. არის ელიტარული პურიც: ძვირადღირებული, უგლუტენო, სხვადასხვა დანიშნულების პური", - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქში ყველაზე გავრცელებული 500-გრამიანი ე.წ ბატონისებური პურია, რომლის ფასიც საშუალოდ 90 თეთრიდან 1.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„რაც შეეხება ასორტიმენტს, ძირითადად ჩვენთან გავრცელებული არის ე.წ. 500-გრამიანი ბატონისებური პირველი ხარისხის პური, რომლის ფასიც მერყეობს 90 თეთრიდან 1.1 ლარამდე. თბილისში ამ ტიპის პურს ყველაზე მეტს მოიხმარენ.
პური ყველაზე სტაბილური პროდუქტია საკვებ პროდუქტებს შორის, რადგან ის ინარჩუნებს ისეთ ფასს, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი მომხმარებლისთვის. რა თქმა უნდა, მაღაზიაში მინახავს 9 ლარიანი 300 გრამიანი უგლუტენო პურიც, 23-ლარიანი დიაბეტური პური და ა.შ.", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
0
0