
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, პარტიის ლიდერებისთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს შეფარდების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ადვოკატის განმარტებით, მათ სასამართლოში საჩივარი „ფორმალურად“ შეიტანეს, რათა სტრასბურგის სასამართლოში სადავოდ „ყველა საშუალება ამოწურონ“.
„მიუხედავად იმისა, რომ ქართული მართლმსაჯულების დიდი მოლოდინი არ გვაქვს, შევიტანეთ სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას. ვინაიდან, ვერც პროკურატურამ და ვერც სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა თავისივე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გონივრულ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, პროკურატურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობას საბოტაჟის ქმედებაში ან რაიმე კონკრეტული ქმედების განხორციელებაში. პროკურატურას ევალებოდა, რომ ეს გონივრული ვარაუდის სტანდარტი, ინფორმაციათა ერთობლიობით დაეკმაყოფილებინა.
სასამართლომ გააფორმა პოლიტიკური დევნის აქტი, რომელსაც სამწუხაროდ, ხელი მოაწერა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ფორმალურად გავასაჩივრეთ ვინაიდან, ყველა საშუალება ამოვწუროთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ ვიდავოთ, რომელიც სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას შეეხება“,- განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონოსძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. გირაოს გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრათ.
0
0