
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი საიდუმლო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ფენტალინის საკითხზე მოლაპარაკებები გამართა.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, კეშ პატელი ჩინეთში, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ჩავიდა.
„როიტერი“ წერს, რომ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი პეკინში 7 ნოემბერს ჩავიდა და ჩინეთში 24 საათი დაჰყო. 8 ნოემბერს ის შეხვდა ჩინელ მაღალჩინოსნებს.
პატელის ვიზიტის შესახებ არც აშშ-ს და არც ჩინეთს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ 10 ნოემბერს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შეაქვს ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალში და გარკვეული ნივთიერებების აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ექსპორტისთვის ლიცენზიას მოითხოვს.
0
0