
თბილისის საქალაქო სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა სტეფანიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან პროკურორის თქმით, სტეფანიანისგან არსებობს როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადაგურების და მიმალვის საფრთხეები.
სტეფანიანს პროცესზე საქმესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ადვოკატი სტეფანიანისგათავისუფლებას 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
პროკურატურა ვლადიმერ სტეფანიანს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს ედავება. ადვოკატ თამარ მერლანის თქმით, მიწა, სადაც სტეფანიანი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, მის საკუთრებაში იყო.
პროცესზე ცნობილი გახდა, რომ სტეფანიანს მშენებლობის ნებართვაც ჰქონდა, თუმცა ვლადიმერ სტეფანიანმა იმაზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, ვიდრე მას ამის ნებართვა ჰქონდა. პროკურორის თქმით, სტეფანიანი ამ ფაქტს არ უარყოფს.
პროკურატურის თანახმად დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში” შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. პროკურატურის ინფორმაციით, სტეფანიანი უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს ეტაპობრივად ასხვისებდა. აღნიშნული გზით, შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ დიდი ოდენობით – 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო. მიღებული დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვლადიმერ სტეფანიანს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0