აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე, რომლზედაც განხილვის მთავარ თემას შავი ზღვის უსაფრთხოება და ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეერთებული შტატების როლი წარმოადგენდა, ამ კონტექსტში, საქართველოს შესახებაც იმსჯელეს. ამერიკელი კანონმდებლების კითხვებს, საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ობრაიენი პასუხობდა.
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მოსმენაზე აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ არის. მან ჯეიმს ობრაიენს ჰკითხა, თუ როგორ მუშაობს საქართველოში დემოკრატიის უზრუნველსაყოფად და ასევე 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა.
„საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სამხედრო ბაზად. ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. არსებობს ბიზნესის მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა და ურჩევნიათ საქართველო იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ნაცრისფერ ზონაში. ამიტომ ჩვენ წამოვაყენეთ მათ მიმართ სანქციები და გარკვეული რეფორმები მოთხოვნებისთვის. ამ საკითხების გარშემო ჩვენ სრულად ვმუშაობთ ევროკავშირში ჩვენს მეგობრებთან ერთად.
ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც გაუხსნის გზას დაფინანსებებსა და ტექნიკურ დახმარებას. ჩვენს ვთქვით, რომ არის ღონისძიებების კომპლექტი, რომლებიც საქართველომ უნდა მიიღოს, რათა კანდიდატურა მოიპოვოს. ჩვენ არ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს ინსტრუმენტებს და ვცდილობთ, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამ პროცესში“, - განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე ჯინ შაჰინის კითხვის პასუხად.
მან 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გაეროში არჩევნებისთვის მოსამზადებელი ოფისის პირველად ანგარიშს ელოდება, რის შემდეგაც მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი.
აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოსთან კავშირში ასევე მნიშვნელოვანი განხილვის თემა ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესება იყო.
0
0