03/11/2023
11:19
მსოფლიო
რუსული საინვესტიციო კომპანია ადმინისტრაციულ-ფინანსური კორპორაცია Sistema და მისი პორტფელის რამდენიმე კომპანია აშშ-ს სანქციების ქვეშ მოექცნენ. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი იტყობინება.
Sistema-ს 49.2% ეკუთვნის ვლადიმირ ევტუშენკოვს, კიდევ 15.3% ეკუთვნის მის შვილს და კორპორაციის უფროს მმართველ პარტნიორს, ფელიქს ევტუშენკოვს.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, მანამდე ვლადიმერ ევტუშენკოვმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მეგობარი უწოდა.
2022 წელს ინტერნეტში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, როგორც პუბლიკაციის ავტორები ამტკიცებდნენ, ევტუშენკოვი ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა და სთხოვდა მას „მარცვლეულთან“ დაკავშირებული გარკვეული სერვისის გაწევას.
ევტუშენკოვმა ქართულ ოპოზიციურ ტელეკომპანია Formula-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ Sistema-ს ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ამასთან, ევტუშენკოვმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა და უზდენოვმა „დასვენებაზე ისაუბრეს“.
რაც შეეხება ივანიშვილთან საუბარს, ევტუშენკოვმა განაცხადა, რომ მან ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა და მასთან საქმიანი ურთიერთობა არასდროს ჰქონია.
წარსულში Sistema-ში ქართველი ბიზნესმენები ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელი ვიცე-პრეზიდენტებად მუშაობდნენ.
0
0