12/04/2025
21:21

სმარტფონებსა და კომპიუტერებზე არ გავრცელდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი საერთაშორისო გადასახადი და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე დაწესებული 125%-იანი ტარიფი, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საბაჟო სამსახური ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ში მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ მოწყობილობების ფასები მკვეთრად გაიზრდებოდა, რადგან მათი უმეტესობა ჩინეთში იწარმოება. აშშ-ი "აიფონების“ უდიდესი ბაზარია. ამერიკაში გასაყიდი „აიფონების“ 80% ჩინეთში მზადდება, მხოლოდ 20% ინდოეთში იწარმოება.
"როიტერის“ ცნობით, „ეფლი“ და სხვა კომპანიები ცდილობენ წარმოების გადატანას სხვადასხვა ქვეყნებში, რათა ჩინეთზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული. ამ მიზნით, ინდოეთსა და ვიეტნამში ახალი ქარხნების გახსნას გეგმავენ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი რამდენიმე ქვეყნისთვის მაღალი ტარიფების დაწესებას გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა. ჩინეთის გარდა ყველა ქვეყანას მისცა 90-დღიანი ვადა და დააწესა მხოლოდ 10%-იანი ტარიფი. ჩინეთისთვის კი ტარიფი 145%-მდე გაზარდა. ტრამპის თქმით, ჩინეთის ტარიფების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ჩინეთი ემზადება ამერიკულ საქონელზე 84%-იანი გადასახადის დაწესებისთვის. თეთრი სახლის განცხადებით, ეს არის მოლაპარაკების ხერხი უკეთესი სავაჭრო პირობების მისაღებად. დონალდ ტრამპის აზრით კი, ეს ნაბიჯები გამოასწორებს გლობალური ვაჭრობაში არსებული უსამართლობას და ამერიკაში სამუშაო ადგილებს შექმნის.
0
0