
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო.
Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა და 131 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. საინაუგურაციო ფრენას ციურიხიდან პირველი პირდაპირი რეისით ჩამოსული შვეიცარიული მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ – შედეგად, შვეიცარიულ მედიაში საქართველოს შესახებ სტატიები მომზადდება.
Edelweiss-ი 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa-ს ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს. ბილეთების შეძენა ორივე ავიაკომპანიის – Edelweiss-ისა და Swiss International Airlines-ის ვებგვერდებზეა შესაძლებელი.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025