
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემა იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, სტივ უიტკოფმა თეთრ სახლში შეხვედრისას დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთისთვის გადაცემას.
აღნიშნული იდეა სტივ უიტკოფმა მარტში საჯაროდაც გამოთქვა, როდესაც ტაკერ კარლსონს ინტერვიუ მისცა.
„ეს რეგიონები რუსულენოვანია. იქ ჩატარდა რეფერენდუმები, სადაც ხალხის უმრავლესობამ გამოხატა სურვილი, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ იყოს“, – აღნიშნა უიტკოფმა.
თუმცა, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ამ პოზიციას უკრაინა არაერთხელ შეეწინააღმდეგა.
სააგენტოს ცნობით, თეთრ სახლში შეხვედრისას რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა სტივ უიტკოფის პოზიციასთან უთანმოება გამოთქვა.
კიტ კელოგის აზრით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ არასდროს დათანხმედბა ამ ოთხი ოლქის სრულად დათმობას რუსეთისთვის.
როგორც „როიტერი“ იუწყება, რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენი იმდენად შეშფოთდა სტივ უიტკოფის პოზიციის გამო, რომ დაუკავშირდნენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველს, მაიკ უოლცს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.
0
0