-share.jpg)
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში შეტანილი დოკუმენტის თანახმად, ამერიკული იურიდიული ფირმა Akerman-ი აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს ლობირებს, რათა ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პატიმრობიდან გათავისუფლებაში.
უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (Foreign Agent Registration Act – FARA) თანახმად, მასიმო დ'ანჯელო, მაიამიში დაფუძნებული იურიდიული ფირმის ნიუ-იორკელი პარტნიორი, სააკაშვილის საქმეზე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს. მასიმო დ'ანჯელოს მცდელობა იმ „დიპლომატიური“ ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანს ქართული ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება წარმოადგენს.
„ვფიქრობ, თუ ის ციხეში მოკვდება, ეს დასავლეთში საქართველოს პოლიტიკური პოზიციების ნამდვილ რღვევას გამოიწვევს", - განაცხადა მასიმო დ'ანჯელომ.
ყოფილი პრეზიდენტის იურიდიული გუნდი (რომლის მტკიცებით, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნისას მოწამლეს), გეგმავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ორშაბათის გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაჭარბებულად აფასებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს და რომ მას სათანადო მკურნალობა უტარდება თბილისის კლინიკაში.
Akerman-ის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანიის მუშაობა სააკაშვილისთვის მოიცავს უცხოელ დიპლომატებთან და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ურთიერთობას, რათა მოიპოვონ მხარდაჭერა მათი კლიენტისთვის "და უზრუნველყონ მისი ციხიდან გათავისუფლება ჰუმანიტარული ნიშნით". მასიმო დ'ანჯელომ ასევე შეისწავლა საქართველოს სასამართლოში შეტანილი დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც მოთხოვნა უარყოფილია.
სასამართლოში შეტანილ დოკუმენტში წარმოდგენილი იყო ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების მოსაზრებები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ. მასიმო დ'ანჯელოს თქმით, ის გასულ წელს გაემგზავრა ქართულ კლინიკაში, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა, რათა აეღო ნიმუშები სამედიცინო ტესტებისთვის, რომლებიც ჩატარდა შეერთებულ შტატებში და შემდეგ ანალიზი გაუკეთეს ექსპერტებმა.
Akerman-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მასიმო დ’ანჯელოს ყოველ საათის მუშაობაში 850 აშშ დოლარს გადაუხდიან.
0
0