
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მათივე ცნობით, ექვს თვეში გადმორიცხულია 1,715.1 მლნ აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 140.2 მლნ აშშ დოლარით. წლიური ზრდის ტემპი კი 17.3%-ს შეადგენს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივნისში, აშშ-დან 23.0%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 58.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, ივნისში წლიურად 15.9%-ით შემცირდა და 41.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.3 მლნ აშშ დოლარი (93.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივნისის (28.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 21.8% მეტია.
0
0