29/11/2021
10:07
მსოფლიო
სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარებმა მუმიფიცირებული ცხედარი ქალაქის მოედნის შუაგულში, კაჯამარკილას არქეოლოგიურ ზონაში, ლიმადან 25 კილომეტრში, მიწისქვეშ იპოვეს.
სახეზე ხელებაფარებულ მუმიას თოკები ჰქონდა შემოჭერილი, რაც მკვლევარების თქმით, სამხრეთ პერუში გავრცელებული დაკრძალვის წესია. მუმიის ასაკი მიუთითებს, რომ ის პრეესპანურ პერიოდს მიეკუთვნება და წინ უსწრებს ინკების ცივილიზაციას, რომლებმაც მე-15 საუკუნეში პერუს ყველაზე ცნობილი ციტადელი - მაჩუ-პიქჩუ - დააარსეს.
„ამ ადგილობრივი მკვიდრის ცხედრის აღმოჩენა ახალ შუქს მოჰფენს პრეესპანური ხანისთვის მახასიათებელ ურთიერთკავშირებსა და ურთიერთობებს“, - თქვა არქეოლოგიური გათხრების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პიტერ ვან დალენ ლუნამ.
როგორც არქეოლოგმა CNN-ს განუცხადა, მუმია, სავარაუდოდ, 25-30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც კაჯამარკილაში (ადრე კოლუმბიამდელ ეპოქაში აქტიურ კომერციულ ცენტრში) მთიდან ჩასახლდა.
არქეოლოგიური სამუშაოები 40-კაციან გუნდთან ერთად, ვან დალენ ლუნასა და მის თანამემამულე არქეოლოგ იომირა ჰუამან სანტილანის ხელმძღვანელობით, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო და მათთვის ეს აღმოჩენა მოულოდნელი იყო, რადგან ისინი მუმიას არ ეძებდნენ.
კიდევ ერთი მოულოდნელი აღმოჩენა იყო რამდენიმე ზღვის მოლუსკი მუმიის საფლავთან ახლოს, რაც ვან დალენ ლუნას აზრით, უჩვეულოა იმის გათვალისწინებით, რომ კაჯამარკილა სანაპიროდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს.
„წესის თანახმად, ცხედრების საფლავში მოთავსების შემდეგ, მუდმივი ღონისძიებები მიმდინარეობს. ანუ, მათი შთამომავლები მრავალი წლის განმავლობაში ბრუნდებიან და იქ საჭმელსა და შესაწირს, მათ შორის მოლუსკებს, ტოვებენ“, – თქვა ვან დალენ ლუნამ.
საფლავის გარეთ ლამას (სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული წყვილჩლიქოსანი მცოხნავი) ძვლებიც იპოვეს. ვან დალენ ლუნას თქმით, იმდროინდელი ხალხისთვის ლამა ჩვეულებრივი საკვები იყო და ამიტომაც სწირავდნენ გარდაცვლილს ცხოველის ხორცის ნაჭრებს.
აღმოჩენილ ცხედართან დაკავშირებული ფაქტების გათვალისწინებით, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ის რიგითი მოქალაქე კი არ იყო, არამედ, სავარაუდოდ, თანამედროვე საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებას წარმოადგენდა. ვან დალენ ლუნას აზრით, აღნიშნული პირი, შესაძლოა, გავლენიანი ვაჭარი იყო.
მკვლევართა გუნდი დამატებითი სპეციალიზებული ანალიზის (მათ შორის, რადიონახშირბადულ დათარიღებას) ჩატარებას გეგმავს, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ მეტი ინფორმაცია აღმოჩენილი მუმიფიცირებული ცხედრის იდენტიფიცირებისათვის და იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ეს ადამიანი ცხოვრობდა.
პერუსა და მეზობელ ჩილეში, რამდენიმე მუმია მანამდეც აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი 1000 წელზე მეტია.
0
0