17/08/2022
13:27
საზოგადოება
არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და ისეთი, როგორსაც ვხედავთ!.. - ამის შესახებ კინომცოდნე გოგი დოლიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"ქაშვეთის წინ, გაჩერებასთან, დიდი დეკორატიული ქვებია და ახლა რომ მოვსინჯე, ვერაფრით დავძარი, 9 აპრილს კი მინდოდა ეს ქვები ამეღო, რომ რუსული ტანკებისთვის მესროლა და გამწარებულმა გვარიანად წამოვწიე... ახლაც სულ ვფიქრობ, ისევ არ მოგვადგნენ... მარიუპოლი მონაგონი იქნება... ქვეყანა არანორმალურის ხელშია და ატომური იარაღი თუ გამოიყენა, მსოფლიოს გაანადგურებს", - ამბობს გოგი დოლიძე.
მისი თქმით, მოსკოვთან სულ უთანხმოება ჰქონდა.
„მოსკოვთან სულ უთანხმოება მქონდა. ახლაც მედავებიან, რომ ნაციონალისტი ვარ... ერთმა რუსმა კოლეგამ დაწერა მონოგრაფია "ქართული კინოს ისტორია". მაშინ გამომცემლობა "ხელოვნების" თეატრისა და კინოს განყოფილების გამგე ვიყავი და ეს წიგნი დავიწუნე. საქმეში აკაკი ბაქრაძეც ჩაერია და გამოცემაზე უარი ვუთხარით. აკაკი ბაქრაძის უარყოფითი რეცენზია 1991 წელს მოსკოვში, საკავშირო თათბირზე სიტყვით გამოსვლისას გამოვიყენე და ვთქვი, თავი დაგვანებეთ, ჩვენ თვითონ გავერკვევით და ქართული კინოს შესახებ ისტორიას თავადვე დავწერთ-მეთქი... რუსი ავტორი ჩივილით გვემუქრებოდა, მაგრამ რეზო ჩხეიძემ დაგვიცვა. რეზო რომ არ დაგვხმარებოდა და მას "ჯარისკაცის მამა" გადაღებული არ ჰქონოდა, ციმბირში გამიშვებდნენ... დოკუმენტები ახლაც შენახული მაქვს. ისეთი რამეები წერია, გაოცებისგან თმა ყალყზე დაგიდგებათ...“ - იხსენებს გოგი დოლიძე.
გოგი დოლიძე რუსეთ-უკრაინის ომზეც საუბრობს და ამბობს, რომ არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს და რუსეთი ისეთი სასტიკია, როგორსაც მას ახლა ვხედავთ.
„არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და ისეთი, როგორსაც ვხედავთ!.. ბოლო დროს ბავშვები კიდევ უფრო შემიყვარდა. საჯარო ბიბლიოთეკაში რომ მივდივარ, ჯიბით ნახევარი კილო კანფეტი მიმაქვს და გზაში ყველა შემხვედრ ბავშვს ვჩუქნი - ქართველია, უკრაინელი, რუსი თუ სხვა ეროვნების... როგორ შეიძლებოდა რუსეთს უკრაინაში ამ დღეში ჩაეყარა ბავშვები, უმწეო ქალები?! სამამულო ომი რომ დაიწყო, 7 წლის ვიყავი და ყველაფერი მახსოვს... მაშინ არ იყო ასეთი ჯოჯოხეთი, როგორიც ახლა, მგონი, ადამიანი უფრო სასტიკი გახდა... ჩანაწერი მოვისმინე, რუსი ჯარისკაცი თავის ახლობელს რომ ეუბნებოდა, დიდი და პატარა, ყველა უნდა ამოვხოცოთო. არ ვიცი, ეს ომი როგორ დამთავრდება, მაგრამ ვფიქრობ, მართლაც ხომ არ მოდის კაცობრიობის აღსასრული...
ახლა რუს ხალხს რომ ვუსმენ, გაოგნებული ვარ! ეტყობა, მათი ხელისუფლების პროპაგანდა კარგად მუშაობს. რუსები ფაშისტებზე უარესები არიან! ფილმებშიც კი არ მინახავს, რაც ახლა უკრაინაში გადაღებულ კადრებში ვნახე! ერთი რამ მახსენდება 9 აპრილის ტრაგედიიდან: ქაშვეთის წინ, გაჩერებასთან, დიდი დეკორატიული ქვებია და ახლა რომ მოვსინჯე, ვერაფრით დავძარი, 9 აპრილს კი მინდოდა ეს ქვები ამეღო, რომ რუსული ტანკებისთვის მესროლა და გამწარებულმა გვარიანად წამოვწიე... ერთ პოლონურ ფილმშია ასეთი კადრი: ტანკები მოდიან და პოლონელი კაზაკები მათ ხმლებით მისცვივდებიან... ასეთ უმწეო მდგომარეობაში ვიყავით და მეც რომ ტანკისთვის იმ დიდი ქვის სროლა მინდოდა, სრულ ჭკუაზე აღარ ვიყავი. ახლაც სულ ვფიქრობ, ისევ არ მოგვადგნენ... მარიუპოლი მონაგონი იქნება...“ - ამბობს დოლიძე.
0
0