
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ირანს და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია. ეს განცხადება ტრამპმა კანადაში "დიდი შვიდეულის" სამიტზე გამგზავრებამდე გააკეთა.
აქვე, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომავალშიც შეერთებული შტატები ისრაელს დაუჭერს მხარს.
გამოცემა "როიტერი" ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას აპირებდა, თუმცა გეგმას დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო. გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს ეს ცნობა, მისი გავრცელებიდან მალევე უარყო ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა.
ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ღია იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში პუტინის შუამავლის როლისთვის. ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამისთვის მზადაა.
საკითხზე გრენლანდიაში ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. მაკრონის განცხადებით, პუტინს შუამავლის ფუნქციისთვის ავტორიტეტი არ აქვს.
"არ მჯერა, რომ რუსეთი, რომელიც ამ მომენტში მაღალი ინტენსივობის კონფლიქტშია ჩართული და რამდენიმე წლის განმავლობაში გადაწყვიტა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას პატივი არ სცეს, შეძლოს და შუამავლის როლი შეასრულოს
ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს რეალური შესაძლებლობა, ყველა მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს.
ისრაელის დამოკიდებულება ამერიკის იარაღზე და საბრძოლო მასალაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ამის შესაძლებლობას აძლევს", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა
0
0