
არ გამოვრიცხავ, რომ დაგეგმილი დივერსია იყო – ამის შესახებ LOUDspeakers-ის პროდიუსერმა გიორგი გვარჯალაძემ განაცხადა.
“ისე კი არ იყო, რომ რაღაც სპონტანურად მოხდა, ხომ გაარკვია, რომ რუსია, გაიხედა უკან ბექსთეიჯში, ვიღაცამ უთხრა, კიო აიყვანეო, აი ის ცალკე უნდა დაიჭირო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაგეგმილი დივერსია იყო, იმიტომ, რომ ბანერებიანი არავინ არ შეუშვეს და რანაირად აღმოჩნდა ეს ტიპი პლაკატით ხელში იქ. არ შვებდნენ პლაკატიანებს, ფოტო კამერიანებსაც კი არ უშვებდნენ – ამბობს გვარჯალაძე.
როგორც ცნობილია, “ბლეკ სი არენაზე” გამართულ კონცერტზე, The Killers-ის სოლისტმა სცენაზე აიყვანა დრამერი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია".
თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.
მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა - ჯგუფი აუდიტორიას სტვენისა და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დაემშვიდობა.
კონცერტის დასრულებიდან მალევე, The Killers-მა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადა Black Sea Arena-ს გუნდმაც.
0
0