
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის Apple-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 24 საათში 6%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობის წევრებს iPhone-ების გამოყენება აეკრძალათ.
ფირმამ საფონდო ბირჟაზე 250 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.
ტექნოლოგიური გიგანტისთვის ჩინეთი მესამე მსხვილი ბაზარია, საიდანაც გასულ წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 18%-ი შეადგინა. Apple-ის პროდუქციის უმეტეს ნაწილს მისი უდიდესი მიმწოდებელი Foxconn-ი აწარმოებს.
როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, პეკინმა ცენტრალურ სამთავრობო უწყების წარმომადგენლებს ოფისში iPhone-ების შეტანა და მათი სამუშაოდ გამოყენება აუკრძალა. ასევე Bloomberg News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული აკრძალვა შესაძლოა სახელმწიფო კომპანიებისა და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სააგენტოების მუშაკების მიმართაც დაწესდეს.
ამ ინფორმაციის საპასუხოდ ჩინეთის მთავრობას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ასევე დაეცა Apple-ის ზოგიერთი მომწოდებლის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე. 7 აგვისტოს, Qualcomm-ის (მსოფლიოში სმარტფონების ჩიპების უდიდესი მიმწოდებელი) აქციების ღირებულება 7%-ზე მეტით დაეცა. სამხრეთ კორეის SK Hynix-ის აქციების ფასი კი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. თუმცა, Apple-ი ისევ ინარჩუნებს პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსს და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 760 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ Apple-ი iPhone 15-ს, სავარაუდოდ, 12 სექტემბერს გამოუშვებს.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა კვლავ მწვავდება. 2023 წელს ვაშინგტონმა, მოკავშირეებთან - იაპონიასთან და ნიდერლანდებთან ერთად, ჩიპების ზოგიერთ ტექნოლოგიაზე ჩინეთის წვდომა შეზღუდა. ჩინეთმა, საპასუხოდ, ორი სახეობის ნახევარგამტარული მასალის ექსპორტი შეზღუდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩიპების დამზადების სექტორის გასაძლიერებლად, პეკინი ასევე ახალ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო ფონდს ქმნის.
გასულ კვირას, აშშ-ის ვაჭრობის მდივნის ჯინა რაიმონდოს პეკინში ვიზიტის დროს, ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Huawei-მ მოულოდნელად წარმოადგინა თავისი სმარტფონი Mate 60 Pro. 8 აგვისტოს, კომპანიამ ტელეფონის Pro+ მოდელის წინასწარი გაყიდვები დაიწყო.
კანადაში დაფუძნებული ტექნოლოგიური კვლევის ფირმა TechInsights-მა განაცხადა, რომ ტელეფონი შეიცავდა ახალ 5G Kirin 9000s ტიპის პროცესორს, რომელიც Huawei-სთვის ჩინეთის უმსხვილესმა კონტრაქტის ჩიპების მწარმოებელმა SMIC-მა დაამზადა.
TechInsights-ის ანალიტიკოსმა დენ ჰაჩესონმა თქვა, რომ ეს „ადასტურებს ტექნიკურ პროგრესს, რომელსაც ჩინეთმა ნახევარგამტარული მასალის წარმოებაში მიაღწია.
საინვესტიციო კომპანია Jefferies-ის განცხადებით, ეს "დიდი ტექნიკური გარღვევაა ჩინეთისთვის".
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026