25/09/2024
18:30
მსოფლიო
ექსპერტების განცხადებით, ანტარქტიკის ყინულის მასიური საფარი [სიგანე - 120 კმ, სისქე - 2000 მეტრზე მეტი] შესაძლოა 23-ე საუკუნემდე დადნეს. თვეიტსის მყინვარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე სწრაფად მოძრავი მყინვარია.
ის ზღვის დონის გლობალური მატების ამჟამინდელ ტემპში 8%-ით [წელიწადში 4,6 მმ] მონაწილეობს.
The International Thwaites Glacier Collaboration-ის ექსპერტების თქმით, მყინვარზე ყინულის დნობის პროცესი 22-ე საუკუნემდე დაჩქარდება და 23-ე საუკუნეში შესაძლოა დასავლეთ ანტარქტიკის ყინულის საფარის ფართომასშტაბური კოლაფსი გამოიწვიოს.
„თუ ყინული დადნება, მყინვარი ზღვის დონეს 3,3 მეტრით აწევს. ზღვის დონის ასეთი მატება ლონდონის ცენტრალურ ნაწილს, მათ შორის ვესტმინსტერს, ბატერსსა და კანარის უორფს, წყალქვეშ მოაქცევს. თვეიტსის მყინვარზე ყინულის დნობა მნიშვნელოვნად აჩქარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში და არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ყინულის კლება უახლოეს საუკუნეში დაჩქარდება“, - თქვა ანტარქტიდის კვლევის საზღვაო გეოფიზიკოსმა რობ ლარტერმა.
მკვლევარებმა მყინვარის გამოსაკვლევად წყალქვეშა რობოტები, ახალი საკვლევი ტექნიკა და ყინულის დინებისა და დაბზარვის მოდელირების ახალი მეთოდები გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ, მათი თქმით, მყინვარის მომავლის შესახებ ბევრი რამ უცნობია, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ, კლიმატისა და ოკეანის ცვლილებების ფონზე, ყინულის დნობის მაჩვენებელი გაიზრდება. ექსპერტების შეფასებით, თვეიტსი, რომელიც ამჟამად მყინვარის შუბლის სიგანის ნახევარს - 60 კმ-ს - მოიცავს, უახლოეს ათწლეულში დაიშლება.
0
0