
დღეს, პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა „აგენტების“ შესახებ რუსული კანონის კიდევ ერთი ვერსია. პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა კანონპროექტს რუსული უწოდა და მის შექმნას კი - ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
„ამერიკის ზოგიერთ შტატში არის სიკვდილით დასჯა. ელექტროსკამზე აბამენ და კლავენ. ისიც ხომ არ გადმოვიღოთ? ე.ი. ყველაფერი უნდა ავიღოთ და გადმოვიღოთ, როგორც თქვენ ამბობთ, „ქოფი-პეისტით“? რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის რუსული კანონი. ქვეყანაში, სადაც აშენებული ხიდი წყალს მიაქვს, სადაც მილიარდებია ჩაყრილი და ქვეყანაში, სადაც ვეტერანი კაცი ძაღლიან-ქალიან-ბავშვიანად გარეთ გამოაგდეს სახლიდან და დაულეწეს ყველაფერი, აი, ასეთ ქვეყანაში ჩვენ სხვა პრობლემა არა გვაქვს, აგენტები რომ არ ვეძახოთ იმ ხალხს?
და რომელია ამ დარბაზში ისეთი, გრანტი რომ არ აუღია და უცხოეთიდან დაფინანსება რომ არ მიუღია? დანარჩენი ყველა აგენტია, ხომ, აგერ, შალვა პაპუაშვილის თამადობით? საერთოდ, აგენტების აგენტი იყო იმიტომ, რომ დონორი იყო, ფულს აძლევდა სხვებს, „ავერბოვკებდა“, როგორც ჩანს, იბირებდა. სირცხვილია, ქალბატონო ეკა, ეს არის რუსული კანონი.
ქვეყანაში, სადაც გაჭირვებაა, სადაც უბედურებაა, საიდანაც ხალხი გარბის, რადგან საკუთარ თავს ვერ პოულობს, იმისთვის აგვირჩია ხალხმა, რომ რუსებს რომ ვასიამოვნოთ, ის კანონი გადმოვიღოთ?
რა ინფორმაცია გაინტერესებთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე ისეთი, 5 წუთში რომ ვერ შეძლებთ? რომელ ორგანიზაციებს უნდა დაარქვათ აგენტები და ჯაშუშები, იცით? შშმ პირებზე რომ მუშაობენ, სოციალურ თემებზე, ცხოველთა დაცვაზე რომ მუშაობენ, ასეთ ხალხს გინდათ, რომ იარლიყები მიაწებოთ და ხელით მიუთითოთ? სხვა არსი, უბრალოდ, ამ კანონს არ აქვს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის რუსული კანონი, რუსების საამებლად მისაღები კანონი და უბრალოდ, სირცხვილია ამაზე რომ ვმსჯელობთ, ანტისახელმწიფოებრივი საქმეა ეს.“ - განაცხადა ბიუროზე ელისაშვილმა.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026