06/09/2023
16:19
მსოფლიო
კოსმოსური კვლევის სააგენტო Inpe-ს სატელიტური მონაცემების მიხედვით, ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკული ტყის გაჩეხვის მაჩვენებელი მიმდინარე აგვისტოში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 66,1%-ით შემცირდა. შემცირების სტატისტიკა განსაკუთრებით შესამჩნევია, რადგან აგვისტო ისტორიულად ერთ-ერთი თვეა, როდესაც ტყე ყველაზე ინტენსიურად ნადგურდება.
როგორც ცნობილია, ტროპიკული ტყე გადამწყვეტი ბუფერია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
Inpe-ის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, ტყისგან 563 კვ.კმ ტერიტორია გათავისუფლდა, გასული წლის აგვისტოში კი - 1,661 კვ.კმ.
ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრის მარინა სილვას განცხადებით, პრეზიდენტის ლუის ინასიო ლულა დე სილვას ახალი მთავრობა შემოდგომის სეზონზე გადამწყვეტ ზომებს იღებს.
„ეს შედეგები ასახავს დე სილვას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დაარღვიოს რეგრესიის ციკლი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაფიქსირდა“, - თქვა მარინა სილვამ.
დე სილვა თანამდებობაზე მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. ტროპიკული ტყის გაჩეხვა მისი წინამორბედის, ჟაირ ბოლსონარუს დროს გახშირდა, რომელიც ხელს უწყობდა ძირძველ მიწაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და გარემოს დაცვის სააგენტოს რესურსებს ამცირებდა.
დე სილვას მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის, 2030 წლისთვის ტყის გაჩეხვა სრულად შეწყვიტოს. პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა დე სილვას განცხადებით, ამაზონის ტყის დაცვის ხელშეწყობისთვის ორი ახალი ტერიტორიის ძირძველ მიწად აღიარება მისი მცდელობის ნაწილი იქნება. აღნიშნული ზონები ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთში, აკრისა და ამაზონასის შტატებში მდებარეობს.
ამაზონის ტროპიკული ტყის თითქმის 60% ბრაზილიაში მდებარეობს. აგვისტოში, პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა დე სილვამ ქალაქ ბელემში გამართულ სამიტზე ამაზონის აუზის რვა ქვეყნის ლიდერს უმასპინძლა. სამიტის მონაწილეები, ტყის გაჩეხვასთან საბრძოლველად ალიანსის შექმნაზე შეთანხმდნენ, თუმცა მხარეებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკება საკონსერვაციო სამუშაოების ერთობლივ მიზანთან დაკავშირებით.
0
0