
დასავლეთ აფრიკაში, სიერა-ლეონეში სამი გოგო ქალთა ე.წ. წინადაცვეთის რიტუალის შესრულების შემდეგ დაიღუპა. ამის შესახებ „გარდიანი“ იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, დაღუპული გოგოების მშობლები ე.წ. რიტუალის შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს.
12 წლის ადამსეი სესაი, 13 წლის სალამატუ ჯალოჰი და 17 წლის კადიატუ ბანგურა გასულ თვეში ე.წ. რიტუალური ცერემონიის დროს დაიღუპნენ.
ქალის წინადაცვეთა გულისხმობს ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ნაწილობრივ ან სრულ მოცილებას.
2012 წელს გაერომ მიიღო რეზოლუცია ამ პრაქტიკის აკრძალვის შესახებ, მაგრამ ის ჯერ კიდევ არსებობს 30-მდე ქვეყანაში.
მიუხედავად აქტივისტებისა და უფლებადამცველების მოწოდებისა პრაქტიკის კრიმინალიზაციაზე, სიერა-ლეონეში ე.წ. რიტუალი კვლავ ლეგალურად რჩება.
2019 წელს ჩატარებულმა ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 83%-ს წინადაცვეთა ჰქონდა ჩატარებული.
პროცედურა ეგრეთ წოდებული ტრადიციული რიტუალის ნაწილია, რომელიც „აღნიშნავს გოგონას შესვლას ქალობაში“.
ინფორმაციისთვის, ექიმებმა და უფლებადამცველებმა ტერმინზე „გოგონების წინადაცვეთა“ ჯერ კიდევ 80-იან წლებში თქვეს უარი, რათა ვინმეს მამაკაცების წინადაცვეთასთან არ გაევლო პარალელი.
მას „ქალური გენიტალიების დასახიჩრებას“ უწოდებენ ან „დამასახიჩრებელ ოპერაციას ქალის სასქესო ორგანოზე“.
ტრადიცია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ემიგრანტებს კი ის ევროპასა და ამერიკაში გადააქვთ.
ბოლო დროს გოგონების წინადაცვეთის მაგალითები გამოავლინეს ჩრდილოეთ კავკასიაში - დაღესტანსა და ინგუშეთში, ასევე ხუნძებში, რომლებიც საქართველოში, ყვარლის რაიონში, ცხოვრობენ.
0
0