
ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 26 მაისის ღამით განვითარებული მოვლენები და სპეცრაზმელების მხრიდან მისი და გიორგი მამაცაშვილის ცემა გაიხსენა.
ბექა სივსივაძის თქმით, 26 მაისი იყო მიზანმიმართული ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა და გაუსწორდნენ.
„სპეცრაზმებლებმა თავში ხელკეტი ჩამარტყეს, გავითიშე. თვალი რომ გავახილე, თავი გუბეში მქონდა, ხელები შეკრული, ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილს უსწორდებოდა რამდენიმე სპეცრაზმელი ხელკეტით. სპეცრაზმს გიორგი მამაცაშვილმა გამაფრთხილებლად უთხრა, „ჟურნალისტები ვართო“ და პრესბარათი ასწია, რა დროსაც ერთ-ერთი პირველი რეზინის ტყვია გიორგის კიდურებში მოხვდა. ის გადმოვატრიალე, ამ დროს 40-მდე ტყვია მოგვხვდა მე და გიორგის. 26 მაისი იყო მიზანმიმართული ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა და გაუსწორდნენ. მოდიოდნენ სპეცრაზმელები, ეტყობა სხვადასხვა გუნდი იყო და გვისწორდებოდნენ ხელკეტებით. მიუხედავად იმისა, საუბრის თავი აღარ მქონდა, ვერც ვსაუბრობდი, კბილები ჩაფშვნილი მქონდა, ახლაც მახსოვს ემალის გემო პირში, პირველად ვიგრძენი. გიორგი უხსნიდა სპეცრაზმელებს, ყველა მოსულ ჯგუფს, რომ ვართ ჟურნალისტები, გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და შესაძლებელი თუა, თქვენს ხელმძღვანელობასთან გადაამოწმეთ ინფორმაციის სინამდვილეო. ამის მიუხედავად, ცემა გრძელდებოდა. რაც დამამახსოვრდა და არასდროს ჩემი თვალებიდან არ ამოდის, ჩვენგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი, რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ჰქონდა და რუხი სითხე იფრქვეოდა. ეს იყო საშინელება, მტერსაც რომ არ უნდა უსურვო ამის ნახვა. გიორგიმ სთხოვა ერთ-ერთ სპეცრაზმელს, ადამიანი კვდება, იქნებ ყურადღება მიაქციოთო, რასაც საპასუხოდ ისევ ხელკეტებით ჩვენი ცემა მოჰყვა. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი ჯგუფი იყო მოსული ჩვენს საცემად. ბოლოს ალბათ დაიღალნენ, როგორც იქნა, მოვიდა მათი სავარაუდო ხელმძღვანელი და იკითხა, ჟურნალისტები ხართო? დავუდასტურეთ, რა საბუთებიც გვქონდა, მივეცით, წაიღო და წავიდა. კიდევ ერთი ჯგუფი მოვიდა და იკითხა, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები ვინ არიანო. გახარებულებმა შევძახეთ, ჩვენ ვართო. ვიფიქრეთ, გვათავისუფლებდნენ და უარესი ჩაიდინეს, ისევ ხელკეტებით გაგვისწორდნენ. მოვიდნენ ჩვენთან, რამდენიმე სპეცრაზმელმა ხელმკლავი გაგვიკეთა, გვითხრეს, რომ თავისუფლების მოდენის ბოლოს ავტობუსები იდგა, რომლითაც გადაგვიყვანდნენ დიღმის სამმართველოში, სადაც გაარკვევდნენ, ნამდვილად ჟურნალისტები ვიყავით თუ – არა. გაგვატარეს კორიდორში, სადაც ასევე იყო ცემა. ბოლოს გავედით თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მიკროავტობუსებში ჰყავდათ სხვა დაკავებულები. კოლონის ბოლოში იყო ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, რომელიც გიორგის ძალიან კარგად იცნობდა. მის დანახვაზე გიორგიმ სთხოვა, ირაკლი, თუ შეგიძლია, დაუდასტურე, რომ ნამდვილად ჟურნალისტები ვართ და გაგვათავისუფლონო. ირაკლიმ უთხრა, ნამდვილად ჟურნალისტები არიანო. ამის შემდეგ ხელებიც არ შეუხსნიათ, თითო ჭიტლაყიც გვითავაზეს და გამოგვიშვეს“, – განაცხადა ბექა სივსივაძემ.
0
0