
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს – 166.6 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 100.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 97.7 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 75.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან აშშ – 478.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 344.3 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 337.9 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 285.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.1 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 39.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 29.4 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო სურათების, ნახატებისა და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.6 პროცენტი შეადგინა; მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 326.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 202.1 მლნ. აშშ დოლარით.
0
0