
გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რომელიც გულისხმობს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, - აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე. მისი თქმით, ის იქნება სრულად ელექტროფიცირებული, რომელიც რკინიგზის არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან დააკავშირებს.
„ეს პროექტი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს. პროექტი ასევე მოიცავს ახალ სატვირთო სადგურს, რომელიც იქნება 11 ლიანდაგიანი. ხაზი იქნება სრულად ელექტროფიცირებული და ჩვენ მოვახდენთ ამ ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით პირდაპირ კავშირს ანაკლიის პორტთან“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ამბობს, ახალი სარკინიგზო ხაზი სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა. ასევე დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარია და ის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მისი ამოქმედება ,,შუა დერეფანში" საქართველოს როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.
0
0