20/03/2023
16:04
პოლიტიკა
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა ძალაში შევიდა. 1-ელ აპრილს უვადო ნებართვები დაურიგდებათ იმ პირებს, ვინც აქამდე A კატეგორიის ნებართვებს ფლობდა.
როგორც ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ თბილისში შეიქმნა ტაქსის ნებართვების ბაზარი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით მოემსახურება.
„დღევანდელი მონაცემებით, 1-ელ აპრილს სისტემა დააგენერირებს, დაახლოებით, 35 ათას A კატეგორიის ნებართვას, რომელიც დაურიგდება 35 ათას ფიზიკურ პირს. უკანასკნელ დღეებში, დაახლოებით 3-4 ათასით მოიმატა მსურველთა რაოდენობამ. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში პირველად შეიქმნა ტაქსის ნებართვის ბაზარი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით მოემსახურება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, 1-ელი აპრილიდან ასევე ამოქმედდება taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, სადაც შესაძლებელი იქნება ნებართვების მართვა იმ რეჟიმით, რომელსაც რეფორმის მესამე ეტაპი ითვალისწინებს.
რაც შეეხება ნებართვის ღირებულებას, ვიცე-მერის თქმით, ამას ბაზარი დაარეგულირებს.
„taxi.tbilisi.gov.ge-ზე არის ერთ-ერთი ველი, სადაც განთავსებული იქნება გასაყიდად გამოტანილი ნებართვები. ვისაც სურვილი ექნება, რომ ნებართვა გაყიდოს, ამ ველზე უნდა განათავსოს ინფორმაცია. ასევე, ვისაც ნებართვის შეძენა სურს, შეუძლია ამ ველზე მოიძიოს ინფორმაცია გასაყიდი ნებართვების შესახებ“, - აღნიშნა ხმალაძემ.
რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსების ნებართვებს, ვიცე-მერის თქმით, მათი რაოდენობა, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 9 ათასამდეა.
0
0