სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და ახლო აღმოსავლეთი განიცდის ექსტრემალურ სიცხეს. სიცხის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, რეკორდულმა სიცხემ კი ფართომასშტაბიანი ხანძრები გამოიწვია.
ჯანდაცვის უწყებები და მეტეოროლოგები მოსახლეობას ურჩევენ, გარეთ არ გავიდნენ. ბელგრადის სასწრაფო დახმარების სამსახურებმა განაცხადეს, რომ ექიმებს მხოლოდ ერთ ღამეში 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოუწიათ.
საბერძნეთში მეხანძრეები ათენის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან, ათობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა და ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი რეკორდულმა სიცხემ გამოიწვია. დასავლეთ საბერძნეთში, ათენის ზონაში მდებარე ატიკაში ხანძრის უკიდურესი საფრთხეა.
ხანძრის ჩასაქრობად 6 თვითმფრინავი, 16 ვერტმფრენი და 45 სატრანსპორტო საშუალებაა მობილიზებული. ძლიერი ქარის გამო, მეხანძრეებს მუშაობა ექსტრემალურ პირობებში უწევთ. ტყის მასივების გარდა, ცეცხლი ზეთისხილის პლანტაციებსაც ანადგურებს, რაც ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დამწვარია საცხოვრებელი სახლები, შენობები, ავტომობილები და იახტები. საბერძნეთში +44 გრადუსი დაფიქსირდა.
„ბოლო დღეებში მიღწეულმა რეკორდულმა ტემპერატურამ, სავარაუდოდ, გამოიწვია ასობით, თუ არა ათასობით, სიკვდილი აზიასა და ევროპაში“, - წერს Independent.
საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ჰაჯის (მორწმუნეთა მსვლელობა) დროს სიცხისგან დაღუპული პილიგრიმების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.
0
0