19/11/2021
16:29
მსოფლიო
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
„უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრა და ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის არსებობა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, რომელშიც კრემლი ბელარუსის მხარეს დადგა, ისევ აქტუალურად წარმოაჩენს მარადიულ კითხვას - რა ჩაიფიქრა ვლადიმერ პუტინმა? რამდენად ჩანს, რომ მის ხელთ არსებულ კარტში რუსეთის ხელისუფლების კინეტიკური თამაში იმალება? იმის გათვალისწინებით, რომ კრემლის მოქმედება მეტწილად გაუმჭვირვალეა, ხოლო რუსეთში ძალაუფლება მთლიანად ვლადიმერ პუტინის ხელშია კონცენტრირებული, ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა რუსი ლიდერის აზრების გასაგებად, როგორც ყოველთვის, მხოლოდ „ტვინის ჭყლეტვა“ იქნება. თუმცა ამჯერად ისეთი გარემოებები არსებობს, რომ ლოგიკურად შეიძლება გარკვეულ დასკვნამდე მივიდეთ“, - აღნიშნავს ავტორი.
პუბლიკაციაში აქცენტი გაკეთებულია გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის ბედზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრება და ომი დაიწყება. რადგან დღეისათვის რუსეთ-ევროპის ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საკითხი წარმოადგენს, გაზსადენის პერსპექტივა ძალზე აქტუალურია. ავტორი თვლის, რომ დასავლეთი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ სამხედრო მოქმედებებში შეიძლება არ ჩაეროს, მაგრამ, სავარაუდოდ, მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ნამდვილად დაატყამს და მას მწყობრიდან გამოიყვანს.
„თუ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას განახორციელებს, გაზსადენს გარანტირებული განადგურება ემუქრება“, - წერს ავტორი. იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ კიევ-მოსკოვის სავარაუდო სამხედრო კონფლიქტი „სრულიად ჩამოშლის“ დასავლეთის მიერ რუსეთთან წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობილ ურთიერთობებს, რაც ორივე მხარისათვის წამგებიანი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება და იმავდროულად შეეცდება უფრო ნაკლებად მასშტაბური ანტიკიევური პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას, მაშინ გაზსადენს შედარებით სხვა, უფრო ლოიალური ბედი ელოდება - მისი ექსპლოატაციის დაწყების ვადების გადადება, რითაც ვაშინგტონი დაუყონებლივ ისარგებლებს: „შექმნილი სიტუაცია აშშ-სათვის ხელსაყრელი იქნება, რითაც თეთრი სახლი დამაჯერებელ არგუმენტებს მიიღებს გაზსადენის წინააღმდეგ [უკვე წაგებული] თავისი ბრძოლის რეანიმირებისათვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
დღეს ევროპისათვის რუსული გაზი ფრიად საჭიროა და შეიძლება ითქვას, ევრპის ბევრი სახელმწიფო მთლიანად რუსულ შედარებით იაფ გაზზეა დამოკიდებული, რაც მისთვის ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს - რუსეთს შეუძლია გაზის მიწოდების შეწყვეტა, შურისძიების მიზნით, მაგრამ რუსეთსაც ჰაერივით ჭირდება შემოსავლების მიღება გაზის ევროპაში ექსპორტით.
ავტორის დასკვნით, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ დაიწყებს, „ომს არ გააჩაღებს“, რადგან რუსეთი ძლიერაა დაინტერესებული ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობით. მოსკოვი გაუფრთხილდება „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მომგებიან პერსპექტივას.
0
0