
ვერ დავამარცხეთ სამინისტრო? გავაუქმოთ სამინისტრო და აღარ იქნება პრობლემა. შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტმა არ იცის რომელ ფილოსოფიაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ძალიან კარგად ხვდება, თუ რასთან შეიძლება გვქონდეს ამ შემთხვევაში საქმე, - ასე გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „კულტურის სამინისტროს გაუქმების" შესახებ.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტისგან, რომლის ერთ-ერთი მოვალეობა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით არის, სახელმწიფო ორგანოების სრულყოფილად და სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ არის ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე გამოხატული და გულისხმობს, მის სურვილს, რომ გაუქმდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში. ეს გახლავთ - კულტურის სამინისტრო. ეს მე პირადად მაგონებს იმ ფილოსოფიას, რომელიც გულისხმობს - „ვერ დავამარცხეთ ადამიანი, მაშინ გავაუქმოთ ის და აღარ იქნება პრობლემა“ - ვერ დავამარცხეთ სამინისტრო? გავაუქმოთ სამინისტრო და აღარ იქნება პრობლემა. შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტმა არ იცის რომელ ფილოსოფიაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ერი, რომელმაც არაერთი გასაჭირი გამოიარა მაგრამ დღემდე მაინც მოვიდა, ძალიან კარგად ხვდება, თუ რასთან შეიძლება გვქონდეს ამ შემთხვევაში საქმე“ - განუცხადა რადიო „სივრცეს“ თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „კულტურის სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია“.
0
0