
ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსები განსაკუთრებით გააქტიურდა და უამრავი ადამიანი მაღალ ტემპერატურას, ყელის ტკივილს, ხველასა და რესპირატორული ინფექციებისათვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს უჩივის.
ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს, როგორია პაციენტთა მიმართვიანობა, რა ჩივილები აღენიშნებათ პაციენტებს და რომელ სიმპტომებზე უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით:
- შემოდგომის პერიოდში რესპირატორული ინფექციების შემთხვევები იზრდება. გვიანი შემოდგომა კი უფრო მეტად საყურადღებოა იმიტომ, რომ გრიპის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი. გრიპი რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე მეტად საყურადღებო და მძიმე მიმდინარეობის გახლავთ. ზოგადად, ამ ეტაპზე სხვადასხვა რესპირატორული, ე.წ. გაციების გამომწვევი ვირუსული ინფექცია ცირკულირებს. გავრცელებულია რინოვირუსები, მომატებულია კოვიდ-19-ის შემთხვევებიც. ჩემი დაკვირვებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, როგორც აბმულატორიულად, ასევე სტაციონარში მომართვიანობის მატება ფიქსირდება. ძირითადად, ეს ასაკოვან და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს ეხება, მაგრამ ასევე, საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებშიც. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს, რომლებიც ამჟამადაა გავრცელებული, დაახლოებით, მსგავსი სიმპტომები აქვთ. ახასიათებთ ტემპერატურული რეაქცია, შესაძლოა, სუბფებრილური, ანუ დაბალი ტემპერატურა 37,5-მდე, ან კიდევ შესაძლოა, პაციენტებს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდეთ. ასევე, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირის გაჭედვა. არის ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, რომლებიც შეიძლება, გასტროინტესტინური სიმპტომებით მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში. შესაძლოა, აღენიშნებოდეთ, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გულის რევა, ღებინება და ასე შემდეგ. მათი მართვა დაახლოებით მსგავსია. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში მდგომარეობის დროული შეფასება, სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დაცვა და გართულებების პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. დაავადების მიმდინარეობა სწორად უნდა შეფასდეს. თუ ხანგრძლივდება ცხელება, ანუ მაღალი ტემპერატურა 5 დღე და მეტი გრძელდება, ან გამოხატულია ძლიერი სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს და მდგომარეობა შევაფასოთ, ხომ არ არის რაიმე სპეციფიკური მკურნალობა საჭირო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მართვა სიმპტომურია, მოიცავს ტემპერატურის კონტროლს და სითხისა და საკვების ადეკვატურ მიღებას.
0
0