„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ნატოს მხარდაჭერას საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და ბოსნია ჰერცეგოვინას მიმართ, იმის აღიარებით, რომ აღნიშნული ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის მავნე გავლენით,“ - ამის შესახებ რუმინეთის, ლატვიის და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია საუბარი, რომელიც „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბუქარესტის ცხრიანის“ წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სწრაფვას უფრო სტრატეგიული, თანმიმდევრული და ეფექტური პარტნიორობისთვის, პარტნიორი ქვეყნების საჭიროებებსა და ალიანსის მიზნებზე სათანადო რეაგირებისთვის.
„ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტი ლატვიის დედაქალაქში, 2024 წლის 11 ივნისს გაიმართა.
სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება იყო. სწორედ ამ კონტექსტში იქნა ხაზგასმული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა.
„ბუქარესტის ცხრიანი“ არის ორგანიზაცია, რომელიც 2015 წელს ბუქარესტში დაარსდა, რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის ინიციატივით.
ორგანიზაციის წევრები არიან: ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.
0
0