16/08/2022
16:48
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჩობურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობაზე პროცესი მიმდინარეობს, დისტანციურად ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთო. მანამდე კი, დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისმის საუბარი, როგორ მიმართავს ის ყოფილ მეუღლეს კითხვით - რატომ ძალადობდა მასზე.
ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილს სთხოვა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, რა დროსაც მან ძალადობის ფაქტი უარყო და აღნიშნა, “ასეთ სისულელეზე” როგორ ჩაერთვება, რადგანაც ვიდეოში არაფერი ჩანს.
რაც შეეხება თვითონ ვიდეოს შინაარსს, როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტი მათ შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო. მისი თქმით, ჩანაწერი 2018 წლითაა დათარიღებული.
„რის გამო მირტყამდი, რა ღირსი ხარ შენ ვინმეს უყვარდე. ნაძირალა ხარ. ჩემი სახელი არასდროს ახსენო. ამდენ დარტყმას და ჩემს ცემას ღმერთი არასდროს გაპატიებს, ჩემზე უსამართლო დარტყმას. წადი აქედან, საერთოდ მომშორდი”, - მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს ვიდეო ჩანაწერში.
ამის შემდეგ მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართა დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი.
„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო. ვიდეოში ჩანს რომ ვიგინები? ჩემთვის ვიდექი წყნარად… ავიღე ახალი ნომერი და გავედი მშვიდად. ამ ვიდეოში ჩანს ჩემი მხრიდან ძალადობა? რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?”- განაცხადა ბასიალშვილმა სასამართლო სხდომაზე.
0
0