06/11/2023
11:26
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი 128-ე ბრიგადაზე მიტანილ სარაკეტო შეტევას გამოეხმაურა.
"ვუსამძიმრებ დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ეს არის ტრაგედია, რომლის აცილება შესაძლებელი იყო.
თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მომახსენა იმ ზომების შესახებ, რომლებიც მომხდარი გარემოებების გასარკვევად ტარდება, უნდა გავიგოთ ვის მიერ, რა ბრძანება იყო გაცემული. დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება.
მთავარია – დადგინდეს სრული სიმართლე მომხდარის შესახებ და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს". – ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
როგორც ცნობილია, 3 ნოემბერს რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთ სოფელზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
სოფელში 128-ე სამთო შემტევი ბრიგადას, უკრაინელი არტილერისტის დღესთან დაკავშრებით, დაჯილდოების ცერემონია ჰქონდა გამართული. ჯარისკაცები საზეიმო მოწყობაზე გამოვიდნენ, რამდენიმე მათგანისთვის ორდენები უნდა გადაეცათ.
რუსეთმა დაჯილდოების ადგილზე ისკანდერის ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში, შედეგად დაიღუპა 28 და დაშავდა 53 ადამიანი. ზაპოროჟიეს ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
უკრაინული მედიის, სამხედროებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ტრაგედიას 128-ე ბრიგადის ხელმძღვანელობის დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას მიაწერს. მსგავსი შემთხვევა წარსულში ჩერნიგოვშიც მოხდა, როდესაც ადგილობრივ თეატრში დრონების პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, მაშინ დაიღუპა 7 და დაშავდა 156 ადამიანი.
0
0