
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ნერგავს, რომელიც როგორც პირველი ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე, ისე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში იქნება გამოყენებული.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრონული არჩევნები ეს არის, მოდერნიზაციის კუთხით გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრა, აღიქმება, როგორც დემოკრატიის განვითარების, საარჩევნო პროცესისადმი ნდობის განმტკიცების, არჩევნების შედეგების სამართლიანი ასახვის, კონფიდენციალურობის დაცვისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობა.
მსოფლიოს ციფრულ ტრანსფორმაციასთან ერთად მრავალმა სახელმწიფომ დანერგა ელექტრონული ხმის მიცემის (E-Voting) მეთოდი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა გაყალბებისა და მანიპულაციების მცდელობები, დააჩქარა და გაამარტივა ხმის მიცემისა და შედეგების გამოქვეყნების პროცედურა.
როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობამდე?
უბანზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, სამაგიდო სიები აღარ დაგხვდებათ. უბანზე შესვლისას, გაივლით მარკირებას, შემდეგ, ვერიფიკაციის აპარატში გაატარებთ ელექტრონულ პირადობის მოწმობას ან პასპორტს, სადაც მონიტორზე გამოჩნდება ამომრჩევლის ფოტო - რაც მეთვალყურეებს, იდენტიფიცირების და შედარების საშუალებას მისცემს.
ვინაობის ელექტრონულად დადასტურების შემდეგ, ამომრჩეველს გადაეცემა ქაღალდის ბიულეტენი და გადაინაცვლებს, ნახევრად ღია კაბინაში - ხმის მისაცემად.
აქ კი, მოქმედებს კიდევ ერთი ახალი წესი: ხმის მიცემის დროს, თუ აქამდე ამომრჩეველი სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემას, საარჩევნო ნომრის შემოხაზვით ადასტურებდა - ელექტრონული წესის პირობებში, მან სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს წრე - რომლის გასწვრივაც მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის დასახელება წერია. წრე კარგად უნდა გაფერადდეს, რათა ხმის მთვლელმა მანქანამ მისი წაკითხვა შეძლოს.
ამის შემდეგ, არჩევანის ფარულობისთვის ბიულეტენი იდება სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში. კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ხმის მთვლელ აპარატთან მიდის და კონვერტს მასზე ათავსებს, ბიულეტენს კი თვითონ აპარატი ჩააგდებს მის ქვეშ განთავსებულ საარჩევნო ყუთში.
რამდენიმე წამში კი აპარატის ეკრანზე ჩნდება შესაბამისი წარწერა - რომ ბიულეტენი მიღებულია. ამომრჩეველი უნდა დაელოდოს ამ წარწერას, რადგან შესაძლოა - აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს.
ასეთ დროს, შესაძლებელია დაბრუნებული ბიულეტენის ხელმეორედ მოთავსება აპარატში. თუკი, ამ დროს ამომრჩეველი უკვე წასულია საარჩევნო უბნიდან, მისი ხმა დაიკარგება, რადგან ის ვერც ხელმეორედ ცდის და ვეღარც ახალ ბიულეტენს გადასცემენ.
დაწყებული ამომრჩევლის ვერიფიკაციიდან, დასრულებული ხმის შედეგების დათვლით, ყველაფერში არის "ქაღალდის კვალი", რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ინფორმაცია ინახება არა მხოლოდ ელექტრონულად, არამედ ქაღალდზეც.
მას შემდეგ, რაც კენჭისყრის პროცესი დასრულდება და უბნები დაიხურება, აპარატს, ღილაკზე დაჭერით მიეთითება, რომ კენჭისყრა დასრულებულია და მანქანა ამობეჭდავს ქვითარს, რომელზეც დაანგარიშებულია წინასწარი შედეგები: ურნაში ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა, მითითებულია ბათილი ბიულეტენების რიცხვიც. ხმის მთვლელი მანქანიდან ამობეჭდილი მონაცემები, რასაც რამდენიმე წუთი სჭირდება არჩევნების წინასწარ შედეგად ითვლება.
მიუხედავად ამისა, მეტი სანდოობისთვის - ბიულეტენები გადაითვლება ხელითაც - რათა შემოწმდეს, რამდენად სწორად ასახა მანქანამ ამომრჩევლის ნება.
საბოლოო შედეგი კი ბიულეტენების ხელით გადათვლისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ ხდება ცნობილი.
ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელ მანქანებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, რაც კიბერშეტევებისგან მათ დაცულობას უზრუნველყოფს და ეს თავისთავად, არ ტოვებს ინტერპრეტაციის სივრცეს ამომრჩევლებისთვის, რომ ეჭვი შეიტანონ არჩევნების შედეგებში.
რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა არჩევნების დღეს:
კანონმდებლობის თანახმად: ნამდვილად ჩაითვლება მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელზედაც გაფერადებულია მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე. მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნის/წარწერის არსებობისა (ასეთი აღნიშვნის/წარწერის არსებობის შემთხვევაში).
ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: გაფერადებულია ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე, ანდა არ არის გაფერადებული არცერთი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე.
თუ ამომრჩეველი არ მიეკუთვნება კონკრეტულ უბანს ან მეორედ მიდის უბანზე - მანქანა გამოსცემს სიგნალს, რაც იმის საფუძველი გახდება, რომ კონკრეტულ მოქალაქეს დაატოვებინონ უბანი
- როდესაც ამომრჩევლების სიები იტვირთება ვერიფიკაციის მანქანაში, ეს სია [კენჭისყრის დაწყებამდე] იბეჭდება და გამოიკვრება უბანზე, თვალსაჩინო ადგილას. ასევე სიები წინასწარ აქვს დარიგებული ყველა ჩართულ მხარეს - მათ შორის პარტიებს, დამკვირვებლებს. იოლად შემოწმდება - რამდენად ზუსტად არის ამომრჩეველთა სია ჩატვირთული მანქანაში.
აპარატის მიწოდებასაც და მათ დაპროგრამებასაც საერთაშორისო დონეზე კარგად ცნობილი ჰოლანდიური კომპანია „სმარტმატიკი“ (Smartmatic International Holding B.V.) ახორციელებს. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, Smartmatic-მა საქართველოს, მთლიანობაში, თითქმის 55 მილიონი ლარის მომსახურება უნდა გაუწიოს და მიაწოდოს, მათ შორის - 6453 ვერიფიკაციის აპარატი და 3601 ხმის მთვლელი აპარატი.
ელექტრონული კენჭისყრით ჩატარებული არჩევნები, იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ ყველა „სპეკულაციას“ მინიმუმამდე დაიყვანს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე, ამომრჩევლების 90% პარლამენტს ელექტრონულად აირჩევს და საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებელად, მაღალი სტანდარტით ჩატარდება.
0
0