09/05/2025
22:00

ბუდაპეშტის ქმედებებზე პასუხად, უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს. მათ ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.
„ამ წამს მოვიწვიეთ უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამისი ნოტა გადავეცით“, - განაცხადა სიბიგამ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა უნგრეთის ქმედებებზე საპასუხოდ მოქმედებს, ორმხრივობის პრინციპიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
ცნობისთვის, აქამდე 9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონში. კერძოდ, ისინი ცდილობდნენ რეგიონის სამხედრო დაცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, და ადგილობრივი მცხოვრებლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლას: კერძოდ, მათი ქცევითი სცენარების შესწავლას, თუ რეგიონის ტერიტორიაზე უნგრული ჯარები შევიდოდნენ.
თავდაპირველად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრული ჯაშუშური ქსელის გამოააშკარავების შესახებ მათ კიევისგან არანაირი ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა.
0
0