24/05/2022
12:17
პოლიტიკა
რუსეთის განქიქება დღეს ყველაზე უფრო პროზაული, საშური და აუცილებელი საქმეა. ცხადია, ჩვენთვის, ქართველებისთვის რუსეთი - ესაა ოკუპანტი, აგრესორი და სრულიად რეგრესული, ჩამორჩენილი ძალა.
თუმცა, არსებობს რუსეთის განქიქების ბევრად უფრო სიღრმისეული არგუმენტი -- რუსეთი, ცხადია, ესაა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სრულიად რეგრესული ძალა, რომელიც, ამავე დროს, ცდილობს, წარმოგვიდგინოს საკუთარი თავი, როგორც ტრადიციულმა ქრისტიანულმა ქვეყანამ.
მოდით, ბოლოს და ბოლოს, ვთქვათ სიმართლე - რუსეთი დღეს პირდაპირ და მკაფიოდ გვეუბნება, რომ ის იცავს ოჯახის ღირებულებებს, ტრადიციულ ქრისტიანობას და რომ ის არის საღი აზრისა და ბუნებითი სამართლის ერთადერთი მფარველი და დასავლური „დემონიზმის“ ნამდვილი ალტერნატივა.
ქართული კულუტურისათვის, რომელიც ტრადიცულად ოჯახისა და მეგობრობის დამცველია, დღეს რუსეთის ამგვარი პოზიციონირება საოცრად მომხიბვლელ პლატფორმას წარმოადგენს.
რა უნდა იყოს ნამდვილი არგუმენტი ამის წინააღმდეგ?
ჩემი აზრით, ქართველი ლიბერალების მთავარი შეცდომაა, რომ ისინი ამ გადამწყვეტ სიტუაციაში აკნინებენ და ამცირებენ ქართულ კულტურას, რომელმაც ამდენი სატანჯველი და განსაცდელი გამოიარა საუკუნეების განმავლობაში, რითიც, ნებსით თუ უნებლიედ, აძლიერებენ რუსულ არეგუმენტს. არადა, ჩემი აზრით, მათი - ლიბერალების - ძირითადი არგუმენტი უნდა იყოს, დაახლოებით, ასეთი -
დიახ, ჩვენ ვიცით, რომ დღეს რუსეთის ციხეებში აწამებენ ადამიანებს და ეს - სიმართლეა; რუსეთში მსხვილი ბიზნესი და ხელისუფლება ერთ მთლიანობას წარმოადგენს - ესეც სრული ჭეშმარიტებაა; იქ არ არსებობს არანაირი სიტყვის თავისუფლება, რაც, ასევე, მართალია...
მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი არგუმენტი უნდა იყოს შემდეგი -
თუკი ადამიანი ღმერთმა შექმნა (თუნდაც - მეტაფორულად!), მართლაც, თავისუფალ არსებად, ასეთ შემთხვევაში, თავისუფლება - ესაა ადამიანის მთავარი გამოცდა და განსაცდელი.
დასავლეთი - ესაა ამ გამოცდის ცენტრალური ფორპოსტი, დასავლეთი - ესაა თავისუფლების ჭეშმარიტი ადგილი, სადაც ადამიანი, მართლაც, თავად წყვეტს, რა არის მისთვის ნამდვილად ღირებული და რა - არა; რა არის განსაცდელი, და რა - არა; დიახაც, დასავლეთი - ესაა ღმერთის ჭეშმარიტი არჩევანის ადგილი, სადაც მე, როგორც ნამდვილად თავისუფალი ადამიანი, თავად ვწყვეტ, მართლაც, ვარ თავისუფალი თუ - არა, მართლა ვარ მოწმუნე, თუ არა - არა....
მაშინ, როცა რუსეთი არ მაძლევს ამის საშუალებას - რუსეთი თავად მიწესებს, რა არის სწორი, და რა - არა, რა არის ჭეშმარიტი და რა - არა, რა არის სულიერება და რა - არა...
დასავლეთი - ესაა რისკის, თავისუფლებისა და ჭეშმარიტების გამოცდის ადგილი. რუსეთს კი ამგვარი გამოცდის ეშინია.
მაგრამ სამწუხაროდ, დასავლეთი ბოლომდე არტიკულირებულად და მკაფიოდ არ ამბობს თავისი საკუთარი უპირატესობის ამ, ჩემი აზრით, მთავარ და გადამწყვეტ არგუმენტს.
ნუთუ დასავლეთსაც ეშინია?
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022