27/07/2022
16:59
საზოგადოება
ამ ერთი თვის წინ ამერიკელი მეგობარი ჩამომივიდა. მერიკელი ამერიკელი, უნივერსიტეტის პროფესორი. უკვე 20 წელზე მეტია, რაც ვმეგობრობთ. ცხადია, ვისაუბრეთ აშშ-ში შექმნილ ვითარებაზეც...
მან ბოლოს, ასეთი რამ თქვა: - ცივი სამოქალქო ომი უკვე დაწყებულია. არავინ ვიცით, ცხელში როდის გადაიზრდება, ისეთი სიძულვილია ერთმანეთის მიმართ და თან, მოსახლეობას ხელზე, უამრავი იარაღი აქვს. ამავე დროს, სულ უფრო მეტს ყიდულობენო.
საბოლოოდ, მან დაასკვნა: - ძალიან ჰგავს იმას, რაც თქვენთან 30 წლის წინ ხდებოდა, „პერესტროიკას“ მაგონებსო. რაზეც მე ვუთხარი, - ე.ი. თქვენთან, ერთდროულად, „პერესტროკაც“ არის და ბრეჟნევიც -მეთქი... ბევრი იცინა.
ჯიმი კარტერმა, არც თუ დიდი ხნის წინ თქვა, რომ აშშ - ესაა შეუზღუდავი კორუფციული ოლიგარქია. კიდევ უფრო ადრე, პლატონი, როცა დემოკრატიულ წყობას აღწერდა, მას ასე ახასიათებდა:
„...განა ასეთ სახელმწიფოში [იგულისხმება – დემოკრატია] თავისუფლება ყველაფერსა და ყოველივეზე არ ვრცელდება? ...მამა ეჩვევა იმას, რომ შვილს ემსგავსება, ხოლო შვილი მამაზე მნიშვნელოვანი ხდება; ...იქ აღარ აქვთ მშობლების რიდი და პატივისცემა (იმავე თავისუფლების საბაბით!), მიგრანტი ძირძველ მოქალაქეს უთანაბრდება, ხოლო მოქალაქე – მიგრანტს; იგივე სურათი გვაქვს უცხოტომელთან მიმართებითაც. ...ასეთი წყობის დროს, მასწავლებელს ეშინია მოსწავლეებისა, ხოლო მოსწავლეებს არანაირი მორიდება არა აქვთ არც მასწავლებლების და არც მენტორების. საზოგადოდ, [დემოკრატიულ წყობაში] ახალგაზრდები უფროსებს ბაძავენ და მათ სიტყვითა თუ საქმით ექიშპებიან, ხოლო უფროსები ახალგაზრდებს ემსგავსებიან და ბაძავენ – მათებურად ხუმრობენ და ლაზღანდარობენ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებმა ისინი არასასიამოვნო საურთიერთობო და ძალაუფლების მოყვარულ ადამიანებად არ მიიჩნიონ. ...მაგრამ უკიდურესი თავისუფლება ამგვარი წყობის ხალხისათვის ისაა, როცა ნაყიდი მონა არანაკლებად თავისუფალია, ვიდრე – მისი მყიდველი მოქალაქე... აღარაფერს ვამბობთ, როგორი თანასწორობა და თავისუფლება აქვთ ქალებს კაცებთან მიმართებით, და – პირიქით... ხოლო ის, თუ როგორი თავისუფლება აქვთ... ცხოველებს, ამას არავინ დაიჯერებს! ...ცხენები და ვირები აქ მედიდურად დაიარებიან და ადამიანებს აბიჯებენ, თუ ისინი მათ გზას არ უთმობენ... ამიტომაც, უკიდურესი თავისუფლება, როგორც ცალკეული ადამიანის, ისე სახელმწიფოს შემთხვევაში, თავის საპირისპირო უკიდურეს მონობაში გადადის... ასე რომ, ტირანია იბადება... სწორედ ამგვარი ახალგაზრდულად უტიფარი დემოკრატიული წყობიდან...“
(სახელმწიფო, 562e-563)
როგორ ჩანს, დგება ხოლმე სახელმწიფოს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როცა ხდება სრული აღრევა - ყველა შესაძლო წყობა ერთმანეთს შეერევა და იწყება ის, რასაც დასასრულის დასაწყისი შეიძლება დავარქვათ. ამ დროს, ბრეჟნევი და „პერესტროიკა“, ოლიგარქია, დემოკრატია თუ ტირანია - ყველაფერი ეკლექტურად ერთმანეთში გადაიზილება ხოლმე.
ასე რომ, მართლაც, არაფერია მარადიული, როგორც წინათ იტყოდნენ, - „დრონი მეფობენ და არა - მეფენი“.
სხვათა შორის, დღეს იმასაც კი ამბობენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო - ესაა ირანული დრონი.....
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022