28/07/2022
16:32
საზოგადოება
დემოკრატიული მაყურებელი თანამედროვე პოლიტიკოსებისგან მიჩვეულია შაბლონურობასა და უკვე ყველასთვის გაცვეთილი ბანალურობათა გამეორებას. იშვიათად თუ შევხვდებით პოლიტიკოსების მხრიდან სტრატეგიულ და შინაარსიან საუბარს, რომელიც განმსჭვალული იქნებოდა საკუთარი კულტურის სიღრმისეული აღქმით, საერთაშორისო მოვლენების ღრმა გააზრებითა და „მწარე სიმართლის“ თქმის პრინციპით.
ამგვარი, სასიამოვნო გამონაკლისი აღმოჩნდა ვიქტორ ორბანის მიმართვა რუმინეთში, ტრანსილვანიაში მცხოვრები უნგრელებისადმი . ორბანი მრავალ თემას შეეხო - დაწყებული ევროპული ცივილიზაციის კრიზისით, გაგრძელებული რუსეთ-უკრაინის ომით, დამთავრებული უნგრეთის სამომავლო სტრატეგიებით.
ორბანი წარმოჩნდა, როგორც ისტორიის მოქმედების ფარული ალგორითმის კარგი გამგონი - ის აფასებს დასავლური ცივილიზაციის კრიზისს: „ასე რომ, ჩვენ შევედით საშიშროების ეპოქაში და დასავლური ცივილიზაციის საყრდენები, რომლებიც ოდესღაც ურყევად ითვლებოდა, იბზარება“. ორბანი, როგორც კონსერვატორი, რომელსაც ოჯახი მთავარ ფასეულობად მიაჩნია, ხედავს, რომ ოჯახის ინსტიტუტი მასირებული შეტევის ქვეშ იმყოფება - ლგბთ ნარატივებით, კრიტიკული გენდერული თეორიებით. ამიტომ ის ამბობს, „ჩვენ არ ვეუბნებით მათ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ; ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ მიიღონ, რომ ჩვენს ქვეყანაში მამა არის კაცი, ხოლო დედა - ქალი, და რომ მათ თავი დაანებონ ჩვენს ბავშვებს“.
ორბანი იყენებს პოსტ-მოდერნულ ტერმინოლოგიას და ახდენს გამიჯვნას: დასავლეთი არის ოჯახის ფასეულობები, ქრისტიანობა, სუვერენიტეტი, პრაგმატიზმი, ხოლო პოსტ-დასავლეთი არის ელ-ჯი-ბი-თი, დემოგრაფიული აღრევა, ევროპის დექრისტიანიზაცია, უსაზღვრო და საზღვრის არმქონე გლობალიზაცია. ის ხედავს ამ „ტრენდს“ და ჰოი, საოცრებავ! ევროპელი ლიდერი ახსენებს ოსვალდ შპენგლერის სახელს - გერმანელი ფილოსოფოსისა, რომელსაც ეკუთვნის ცნობილი წიგნი „დასავლეთის დაისი“. ორბანი კარგად იაზრებს, რომ სულიერი და დემოგრაფიული დაღმასვლა დაკავშირებულია ეკონომიკურ აღმასვლასთან. „ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ის [მსოფლიო] სულ უფრო უკეთესი ადგილია; და მაინც, ჩვენ ვგრძნობთ, რომ სიმართლე საპირისპიროა. სიცოცხლის ხანგრძლივობამ სამოცდაათ წელს მიაღწია, ევროპაში კი ოთხმოცს. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ბავშვთა სიკვდილიანობა მესამედით შემცირდა. 1950 წელს მსოფლიოში კვების უკმარისობის დონე 50 პროცენტს შეადგენდა, ახლა კი 15 პროცენტს შეადგენს. 1950 წელს სიღარიბეში მცხოვრები მსოფლიოს მოსახლეობის წილი 70 პროცენტი იყო, 2020 წელს კი მხოლოდ 15 პროცენტი. მთელ მსოფლიოში წერა-კითხვის მცოდნეთა მაჩვენებელი 90 პროცენტამდე გაიზარდა. 1950 წელს საშუალო სამუშაო კვირა 52 საათს შეადგენდა, მაგრამ დღეს ეს დავიდა კვირაში 40 საათამდე, ხოლო თავისუფალი დრო გაიზარდა 30 საათიდან 40 საათამდე“.
ორბანი ხვდება, რომ მატერიალური აღმასვლა არის საფრთხე და ერთგვარი სულიერების გადაგვარების რისკს შეიცავს - ამიტომ, ის დაიმოწმებს უნგრელი პოლიტიკოსის ლასლო კევერის სიტყვებს (რაც ნებისმიერი კონსერვატორის მამოძრავებელი დევიზი უნდა იყოს): უნგრელებმა უნდა უზრუნველყონ ის, რომ კარგი დროება არ ქმნიდეს სუსტ ადამიანებს, რათა ამ სუსტებმა ცუდი დროებმა არ მოიტანონ. ცუდი დროება კი კონკრეტული ცივილიზაციისთვის შემდეგში მდგომარეობს: ამ ცივილიზაციის კომფორტს ნაჩვევი შვილები, სულიერებისგან და პასიონარიზმისგან დაცლილები, „მოსიარულე კუჭებად“ ქცეულნი, დემოგრაფიულ ასპარეზს უთმობენ სხვა, უფრო შემტევი და ცხოველმყოფელი ცივილიზაციის შვილებს. ორბანი ამაზეც წუხს: „დაახლოებით 2050 წელს, მათემატიკის კანონები გამოიწვევს საბოლოო დემოგრაფიულ ცვლილებას: ქალაქებში კონტინენტის ამ ნაწილისა - ან, უფრო სწორედ, იმ ნაწილისა - დაინახავენ, რომ არაევროპული წარმოშობის მაცხოვრებლების პროპორცია გაიზრდება და გახდება საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტი. და აი, ჩვენ ვართ ცენტრალურ ევროპაში - ევროპის, ანუ დასავლეთის, მეორე ნახევარში. ცოტა დამაბნეველი რომ არ იყოს, მე შემიძლია ვთქვა, რომ დასავლეთმა - მოდი, ვთქვათ დასავლეთმა მისი სულიერი გაგებით - გადაინაცვლა ცენტრალურ ევროპაში: დასავლეთი აქ არის, ხოლო რაც იქ დარჩა, მხოლოდ პოსტ-დასავლეთია“.
ორბანი ცივილიზაციებს ადარებს და საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს: „მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სხვა ცივილიზაციებმა - ჩინურმა, ინდურმა, იგივე მართლმადიდებლურმა სამყარომ და თუნდაც ისლამმა - ასევე განიცადეს მოდერნიზაციის პროცესი. ჩვენ ვხედავთ, რომ კონკურენტმა ცივილიზაციებმა აითვისეს დასავლური ტექნოლოგია და დაეუფლნენ დასავლურ ფინანსურ სისტემას, მაგრამ მათ არ მიიღეს დასავლური ღირებულებები - და მათ საერთოდ არ აქვთ მათი მიღების განზრახვა. სინამდვილეში, მე ვეჭვობ, რომ დანარჩენმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ მას სჭირდება მოდერნიზაცია ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, წინააღმდეგობა გაუწიოს მისთვის უცხო, დასავლური ღირებულებების ექსპორტს“.
ორბანის ეს დაკვირვება უთუოდ საინტერესოა. ის წვდება მრავალპოლუსიანი სამყაროს კვანძს. „არადასავლური“ სამყარო (ჩინეთი, ინდოეთი, ნაწილობრივ რუსეთი და სხვ.) იღებენ დასავლური მოდერნულობის „სიკეთეებს“, მაგრამ ღირებულებით დონეზე იტოვებენ წინა-მოდერნულ ღირებულებს - ოჯახს, კოლექტივიზმს, სულიერებას, სამყაროს მრავალგანზომილებიან ხედვას. მათ ეს სჭირდებათ, რათა ტექნოლოგიურად გაუთანასწორდნენ დასავლეთს და თავის დაიცვან, ლიბერალური პიარის დიქტატურისგან და გენდერული დომხალისგან. სწორედ ეს არის ხსნა - სწორედ ეს არის არქეო-მოდერნი. ანუ მოდერნული ტექნოლოგიები და წინა-მოდერნული სულიერება და კოლექტივიზმი - აი, ეს არის ნეო-ტრადიციონალიზმის გზა.
ორბანი არ ერიდება პირდაპირობას და ამბობს: „ეს უნარი, რომელიც ადრე ჰქონდათ ამერიკელებს, ყველა მსოფლიოსა და ისტორიის ‘სწორ მხარეზე’ გადაეყვანათ, შემდეგ კი მსოფლიოს მათდამი დაემორჩილებინათ, - სწორედ ისაა, რაც ახლა უკვე გაუჩინარდა. ... ეპოქა დასასრულს უახლოვდება და, როგორც პოლიტიკის მაღალფარდოვანი ენით ამბობენ, მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი უკვე ჩვენს კარზე აკაკუნებს“.
ორბანს, როგორც პრაქტიკოს პოლიტიკოსსა და პრაგმატიკოსს ესმის ასევე „დასავლეთის დაისის“ ენერგეტიკული მიზეზებიც: „1900 წელს შეერთებული შტატები და ევროპა აკონტროლებდნენ ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის მარაგების 90 პროცენტს. 1950 წლისთვის ეს მაჩვენებელი 75 პროცენტამდე დაეცა, დღეს კი ასეთი მდგომარეობაა: აშშ და ევროპა ერთად აკონტროლებენ 35 პროცენტს, აშშ აკონტროლებს 25 პროცენტს, ჩვენ კი 10 პროცენტს; რუსები აკონტროლებენ 20 პროცენტს; ხოლო ახლო აღმოსავლეთი აკონტროლებს 30 პროცენტს. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი კარგავს ბრძოლას ნედლეულისთვის. თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ მსოფლიოს მდგომარეობა, თუ გვინდა გავიგოთ დასავლელების მდგომარეობა მსოფლიოში, ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ მსოფლიოს ენერგეტიკული მატარებლებისა და ენერგორესურსების დიდი ნაწილი დასავლური ცივილიზაციის მიღმაა. ეს ჯიუტი ფაქტებია“.
ორბანი საუბრობს ასევე იმ რთულ გარდამავალ პერიოდზე, რომელშიც გვიწევს ცხოვრება - ის არ ერიდება კრიტიკას იმისა, რომ განახლებად ენერგიებზე გადასვლა ჯერ-ჯერობით არ არის ეფექტიანი. ეს - პლანეტაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი - გადასვლა ვერ ხერხდება, რადგან განახლებადი ენერგიების მრავალი წყარო, ჯერჯერობით, არ არის ხარჯთეფექტური. ეკოლოგიისა და ეკონომიკის ქორწინება, ორბანის სიტყვებით, რთულად მიმდინარეობს. „გერმანელების ხელმძღვანელობით, ჩვენ სხვა პასუხი გავეცით [ენერგეტიკულ გამოწვევას - ო.ჭ] - განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა. თუმცა, ჯერჯერობით ეს არ მუშაობს, რადგან ტექნოლოგია ძვირია და, შესაბამისად, ძვირია მიღებული ენერგიაც. გარდა ამისა, ამ თანამედროვე ტექნოლოგიაზე გადასვლა ავტომატურად კი არ ხდება, არამედ მხოლოდ ზემოდან ზეწოლის შედეგად, რომელსაც ბრიუსელის კომისია ბევრ სახელმწიფოზე ახორციელებს, - მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიოზულად აზიანებს წევრი სახელმწიფოს ინტერესებს“.
რა გასაკვირია, რომ ორბანის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა რუსეთისა და უკრაინის ომი. ორბანი ჩვეულ სტილში აქაც მეტად კრიტიკული იყო: „დასავლური სტრატეგია ამ ომში ემყარება ოთხ საყრდენს. . . . პირველი ის იყო, რომ უკრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლად, მაგრამ ამას შეძლებს ანგლო-საქსების სწავლებითა და ნატოს იარაღით. ეს იყო პირველი მტკიცება. მეორე სტრატეგიული მტკიცება იყო ის, რომ სანქციები შეასუსტებდა რუსეთს და მოახერხებდა მოსკოვის ხელმძღვანელობის დესტაბილიზაციას. მესამე სტრატეგიული ელემენტი იყო ის, რომ - თუმცა ისინი ჩვენზეც იმოქმედებდნენ - ჩვენ შევძლებდით სანქციების ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას, რომ ისინი [რუსები - ო.ჭ] უფრო მეტად დაზარალდებოდნენ, ჩვენ კი ნაკლებად. და მეოთხე სტრატეგიული მოსაზრება იყო ის, რომ სამყარო ჩვენს დაგვიჭერდა მხარს, რადგან ჩვენ მართლები ვიყავით. თუმცა, ამ შესანიშნავი სტრატეგიის შედეგად, დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ჩვენ ვსხედვართ მანქანაში, რომელსაც ოთხი დაშვებული საბურავი აქვს“.
უკრაინის ომზე ორბანი მიიჩნევს, რომ სუსტია უკრაინული პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. „მე ეს მესმის, რადგან მათი მიზანია, რომ ჩაგვრთონ ჩვენ, და ჩართონ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ომში მათ მხარეს; მაგრამ ამას აკლია რეალობის საფუძველი“. მისი აზრით, ასევე დასავლეთი უნდა შეეშვას გამარჯვების ცარიელი რეპორტების წერას და ახალი სტრატეგია შეიმუშავოს, რომელიც ომს დაასრულებს. თუმცა, ორბანი რეალისტია და მიიჩნევს, რომ რადგან ამ ომში რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, ამიტომ ომი დასრულდება მხოლოდ რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებებით.
ამის შემდეგ, ორბანი იცავს სუვერენისტულ იდეას: „უნგრეთის ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ თუ ქვეყანა იძულებულია მიიღოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც მას არ სურს, მაშინაც კი, თუ ამ პოლიტიკას სჭირდება ხმების ორი მესამედის მოპოვება ევროკავშირში, მაშინ უბრალოდ - ამ ყოველივეს სახელი არის იმპერიალიზმი“.
ერთი სიტყვით, ორბანის ეს გამოსვლა გულისხმობდა შემდეგს:
• კრიტიკული მიდგომა დასავლური პოლიტიკისა;
• რელიგიის, ოჯახისა და სუვერენიტეტის დაცვა - უსაზღვრო გლობალიზაციის წინააღმდეგ;
• დასავლეთისა და პოსტ-დასავლეთის გამიჯვნას;
• რუსულ-უკრაინული ომის ნეიტრალურ შეფასებას;
• მრავალპოლუსიანობის დაბადების მიზეზებსა და შედეგებზე საუბარს;
• უნგრეთის, როგორც სუვერენული ქვეყნის კულტურულ-პოლიტიკური სატკივარის გაჟღერებას.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022