04/07/2022
16:41
საზოგადოება
მართლაც, რატომ არ გამოდის არაფერი? ამხელა ფული იხარჯება, ასე თუ ისე, გარკვეული რესურსიც ამოქმედებული და ჩართულია - მათ შორის, ყველაზე უფრო პერსპექტიული და მომხიბვლელი - ახალგაზრდები....
და მაინც, რა ხდება? რატომ არაფერი გამოდის?
მართლაც, კაცმა რომ თქვას, ვისზე უარესები არიან მაქარაშვილი და დიღმელაშვილი? თქვენ ფიქრობთ, რომ 1989 წელს წერეთელი და ჭანტურია (უფალმა გაანათლოს!) რამით ამათზე უკეთესები იყვნენ? ან - ვთქვათ, 2003 წელს - ბოკერია და რამიშვილი ინტელექტუალურად რამით სჯობდნენ მათ?
ცხადია, - არა...
მაშ, რა არის მიზეზი იმისა, რომ არაფერი გამოდის?
იყო ასეთი მწერალი (სხვათა შორის - ჰომოსექსუალი - ამას პროგრესული ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ, - ვიცი, - გაუხარდებათ!) მარსელ პრუსტი, რომელმაც დაწერა დიდი ეპოპეა „დაკარგული დროის ძიებაში“. მოვიხმობ ამ ნაწარმოებიდან ერთ ასეთ პასაჟს - მთავარ მოქმედ პირს, რომელსაც მარსელი ჰქვია, საყვარელი ბებია უკვდება. სამძიმარზე მისული ჰერცოგი გერმანტი მარსელს მთელი არისტოკრატიული ეტიკეტის მოხმობით უთანაგრძნობს- უფრო ზუსტად - რიტუალურ ჟესტს ასრულებს, და, სწორედ ამ დროს, მთხრობელი შენიშნავს, რომ ჰერცოგი იყენებდა „მისი წინაპრების მიერ გაუხარჯავ რევერანსებს“.
მოკლედ, როგორც არსებობს გაუხარჯავი რევერანსები, ასევე, არსებობს გაუხარჯავი ილუზიები. ქართველმა ხალხმა 1989, 2003 და 2008 წლებში ეს ილუზიები თავიდან ბოლომდე დახარჯა და არათუ დეგნანი, მაილსი თუ ტაფტი, ცხონებული ალენ დალესიც რომ ფეხზე წამოაყენო და აქ გამოუშვა, ბაფეტისა და გეითსის - მთელი ქვეყნიერების ოქროც რომ მისცე, მაინც არაფერი გამოვა, რადგან აღარ არსებობს არანაირი ილუზია.
თუკი 9 აპრილის კადრებს შეხედავ, როცა ირაკლი წერეთელი „მამაო ჩვენოს“ წარმოთქვამს ხალხთან ერთად, ხოლო პატრიარქი ილია II დუმს და ხალხს უყურებს, გრძნობ, რომ რაღაც ტრაგიკული და შეუქცევადი ხდება და მოხდება...
განსხვავებით ამისაგან, როცა ახლანდელი აქციების წამყვანებს და გამომსვლელებს უყურებ, ხედავ, რომ არაფერი ხდება - ხედავ შუშის თვალებით წარმოთქმულ ყალბ ფრაზებს და მკვდარ სიტყვებს...
სწორედ ამიტომაც, არც არაფერი ხდება და არც არაფერი მოხდება, მანამ, სანამ ხალხს გახარჯული აქვს თავისი ილუზიები, ხოლო - ახალგაზრდობას, ამ ილუზიების კრიტიკული მასა ჯერ არ დაუგროვებია....
ამიტომაც, არაფერი გამოდის....
ჯერ....
...და არავინ იცის, როდის იქნება მორიგი 9 რიცხვის (მარტის? აპრილის? მაისის? აგვისტოს?) შემდეგი ინკარნაცია....
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022