26/05/2022
14:25
ანალიტიკა
თანამედროვე ფრანგულ ისტორიოგრაფიაში არსებობს „მეხსიერების ადგილების“ კონცეპტი, რომლითაც აღინიშნება, ამა თუ იმ წარსული მოვლენის აქტუალური - „ცოცხალი“ ხსოვნა. ამგვარ ცოცხალ მეხსიერებას განასხვავებენ ისტორიულ არქივში შემონახული ამა თუ იმ ფაქტისაგან, რომელიც, თავისთავად, „მკვდარია“, ხოლო მისი „აღდგენა“ ისტორიკოსის მუშაობას მოითხოვს. „ცოცხალ“ მეხსიერებას „მკვდარი“ ისტორია უპირისპირდება. კერძოდ, „მარსელიოზა“ - ესაა რევოლუციის ცოცხალი ხსოვნა, ხოლო ჰასტინგის ბრძოლა - ისტორიული ფაქტი, რომელიც ასახულია დოკუმენტებში.
ანალოგიურად, 26 მაისი - ესაა ისტორიული ფაქტი, რომლიც „ეროვნულმა მოძრაობამ“ გამოიხმო ისტორიული არქივიდან, ხოლო, 1989 წლის 9 აპრილის ღამე - დღემდე ცოცხალი მეხსიერების ნაწილია.
თუმცა, იგივე 26 მაისი პირველი ემიგრაციისათვის სწორედ ცოცხალი მეხსიერების ნაწილი იყო. ცნობილია, რომ მაგალითისათვის, მიხაკო წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი და გრიგოლ რობაქიძე, სანამ ცოცხლები იყვნენ, 26 მაისს ერთად აღნიშნავდნენ.
ცოცხალი მეხსიერება ზეპირად გადაიცემა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ არცერთი მონაწილე, ამა თუ იმ მოვლენისა, ცოცხალი აღარ იყოს, მაგრამ ის მაინც რჩებოდეს აქტუალური მეხსიერების ნაწილად. მაგალითდ, 37 წლის მოვლენების უშუალო მონაწილეთაგან თითქმის აღარავინ დარჩა, მაგრამ, შთამომავლებისათვის ის ცოცხალი მეხსიერების ნაწილია, რადგანაც მის შესახებ უშუალო მონაწილეები მოგვითხროდნენ.
ესა თუ ის პიროვნება, თუ მოვლენა შეიძლება საუკუნეთა განმავლობაში დარჩეს ცოცხალი მეხსიერების ნაწილად, ხოლო გუშინდელი ფაქტი - ძალიან სწრაფად აღამოჩნდეს ისტორიის არქივში. კერძოდ, თელავსა და კახეთში მეფე ერეკლე ცოცხალი მეხსიერების ნაწილია - თელავში ადამიანს ის განცდაც კი გეუფლება, რომ პატარა კახი, სადღაც წავიდა და მალე მობრუნდება, - ხოლო, მაგალითისათვის, XX საუკუნის 60/80-იანი წლების დისიდენტური მოძრაობა დღეს უკვე „მკვდარ“ ისტორიულ არქივში შემონახული ფაქტია, რომელიც მომავალ ისტორიკოსებს ელის.
და ბოლოს, არსებობს ისტორიული ფაქტები და ისტორიის დიადი ფაქტი, რომლებსაც დრო და ისტორია ვერაფერს უშვება და ისინი მუდამ რჩებიან ცოცხალი მეხსიერებისა და, ასე განსაჯეთ, ჩვენი ცხოვრების ძირეულ ფაქტებად. როდესაც ზიარების დროს მღვდელი წარმოთქვამს ჩვენი უფლის სიტყვებს - „ამას იქმოდეთ მოსახსენებლად ჩემდა“ - ეს არა მხოლოდ ცოცხალი მეხსიერების, არამედ, ჩვენი მარადიული ცხოვრების საფუძველია. ამიტომაც, ქრისტეს ეკლესია, ყველაფერთად ერთად - ესაა, როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, - „მეხსიერების დიადი მანქანა“.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022