05/05/2022
16:45
საზოგადოება
თითქმის 20 წლის წინ, 2005 წლის 8 ნოემბერს, გვიან საღამოს დამირეკა ჩემმა, აწგარდაცვლილმა ახლო მეგობარმა, ნანა ზარდიაშვილმა, რომელიც იმხანად, მაშინდელი „პირველი არხის“ გენერალური პროდიუსერი იყო და ასეთი რამ მითხრა: - ახლა, მთავრობიდან დაურეკეს ტელევიზიის დირექტორს და უთხრეს, - ხვალ არ აჩვენოთ „ჯარისკაცის მამა“, რადგან ფილმმა, შეიძლება, საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგია გამოიწვიოსო.
მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი ტელევიზიის გენერალური დირექტორი „მართლმორწმუნე ნაციონალი“ და „მტკიცე ლიბერალი“ იყო, როგოც ნანამ მითხრა, ისიც კი გაკვირვებული გახლდათ, რადგანაც, „ჯარისკაცი მამა“ სრულიად უვნებელი ფილმი ეგონა.
გამოხდა ხანი და, რამდენიმე დღის წინ, ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, რომ თურმე, „ფეისბუქში“ კამათი დაწყებულა „ჯარისკაცის მამის“ შესახებ. ვინმე პროგრესულ ბლოგერს დაუწერია, რომ ეს საბჭოთა ნაწარმოები, ხელს გვიშლის ნატოში შესასავლელად, თუ რაღაც ამის მსგავსი, რის შემდეგაც, რამდენიმე დღე, „ფეისბუქში“, ჩემი ახლობლების ინფორმაციის თანახმად, დიდი დისკუსია მიმდინარეობდა.
ცხადია, ამ ამბავმა ნანა ზარდიაშვილის მაშინდელი ზარი გამახსენა და დამაფიქრა კიდეც. 2005 წელს, „ჯარისკაცის მამა“ ჩემთვის იყო უბრალო, ქართველი ადამიანის ტრაგედია, რომელიც მსოფლიო ქაოსსა და ორომტრიალში მოხვდა და რომელიც, მთელი ამ დრამატული პერიპეტიების განმავლობაში, ინარჩუნებს ადამიანობას. როგორც გლეხს, უყვარს ვაზი და არ ავიწყდება მისი მოვლა. ხოლო, როგორც მამაკაცს, უყვარს თავისი ოჯახი, ცოლ-შვილი, რის გამოც, მსოფლიო ომის წინა ხაზზე აღმოჩნდება.
მაგრამ დღეს, „ჯარისკაცის მამის“ რეცეფციის ამ ორმა, დროში დაშორებულმა „ქეისმა“ (როგორც ახლა იტყვიან) და მათ შორის, სრულიად გამჭვირვალე პარალელმა დამანახა ის, რაც მანამდე გააზრებული არ მქონდა - სრულიად ქრისტიანული საზრისი იმისა, რაც მოხდა: იღუპება შვილი და არა - მამა. კაცი კარგავს ყველაზე უფრო ძვირფასს, რაც გააჩნია.
კარლ გუსტავ იუნგი მიიჩნევდა, რომ არსებობს არა მხოლოდ საზოგადო კოლექტიური არაცნობიერი, ამავე დროს, „თითოეულ ხალხს“ თავისი არქეტიპული სამყარო აქვს. კერძოდ, მაგალითისათვის, გერმანული კულტურის ასეთი არქეტიპი არის ოდინი-ვოტანი, მოხეტიალე ღმერთი, რომლის არქეტიპმაც, იმავე იუნგის მიხედვით, XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ამოხეთქა.
სამწუხაროდ, იუნგს არაფერი უწერია ქართულ კულტურაზე. მაგრამ მაგონია, რომ „ჯარისკაცის მამა“ აბსოლუტურად ინტუიციურად ეხება ჩვენი კულტურის ძალიან ღრმა ფესვებს, რომლის ერთი-ერთი სიმბოლური გამოხატულება, წმ. ნინოს ვაზის ჯვარია. ამავე დროს, ასევე, სრულიად ინტუიციურად, ფილმი გველაპარაკება ბიბლიურ მსხვერპლზე, რომელიც აბრაამის მსხემობით იწყება (თუ უფრო ადრე არა!), ხოლო, ახალ აღთქმაში თავის სრულყოფილ და მკაფიო სახეს იძენს.
ტრანსცენდენტურ სხივს, ნებისმიერ დროსა და სივრცეში შეუძლია შეღწევა. როგორც ჩანს, არც საბჭოთა ქრონოტოპოსი იყო გამონაკლისი.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022